თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. საქართველოში საპენსიო დანაზოგის ინვესტირებიდან მიღებული სარგებელი უკვე 600 მილიონ ლარს აჭარბებს, განაცხადა საპენსიო სააგენტოს უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა გოგა მელიქიძემ.
თბილისში საპენსიო სააგენტოსა და საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის ერთობლივი ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა.
„დღეისათვის საპენსიო სააგენტო რეგიონში საუკეთესო შედეგებს აჩვენებს, ინვესტირებიდან მიღებული სარგებელი უკვე 600 მილიონს აჭარბებს", – განაცხადა მელიქიძემ.
თავის გამოსვლაში მელიქიძემ განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება იმ სიახლეებზე, რომლებიც მიმდინარე წლის 6 აგვისტოდან ამოქმედდება. საუბარია სამ განსხვავებულ საინვესტიციო პორტფელზე. დამზოგველები შეძლებენ მათი დაგროვილი თანხა რისკიანობის სხვადასხვა პორტფელში განათავსონ.
„მნიშვნელოვანია, რომ ყველა მონაწილემ იცოდეს ის შესაძლებლობა, რაც 6 აგვისტოდან ეძლევა. მათ მიერ შერჩეული საინვესტიციო პორტფელის მიხედვით მოხდება დანაზოგების განთავსება და ინვესტირება, რაც მეტი სარგებლის მიღების საშუალებას მისცემს ყველა დასაქმებულს, რომელიც ჩართულია სქემაში", – განაცხადა გოგა მელიქიძემ.
დაგროვებითი საპენსიო სისტემა ქვეყანაში 2019 წლიდან ამოქმედდა და ის სავალდებულოა.
შემუშავებული სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე ნომინალური წლიური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე დაირიცხება მისი ხელფასის 6%: 2%-ს იგი თავად გადაიხდის, 2%-ს – მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს – სახელმწიფო.
24-დან 60 ათას ლარამდე ყოველწლიური ხელფასის შემთხვევაში სახელმწიფო მოქალაქის ანგარიშზე მხოლოდ 1%-ს დაარიცხავს.
დაგროვებული საპენსიო თანხის – 560 მლნ ლარის მოცულობის პირველი ინვესტიცია სააგენტომ 2020 წლის მარტში განახორციელა. ინვესტიცია მაღალი რეიტინგის მქონე კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში განხორციელდა.