იგეგმება თუ არა ერთიანი ეროვნული გამოცდების რეფორმა? - მინისტრის პასუხი

განათლება ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც მუდმივად ადაპტირდება და ვითარდება, აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.
Sputnik
თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. ერთიანი ეროვნული გამოცდების რეფორმირება უახლოესი ორი წლის განმავლობაში არ იგეგმება, განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა.
ამასთან ერთად მინისტრმა განმარტა, რომ ცვლილებები მისაღები გამოცდების პროცესში დაინერგება უმაღლესი სასწავლებლებისთვის დაფინანსების ახალი მოდელის ამოქმედების შემდეგ.

„დროსთან ერთად ყველაფერს სჭირდება განახლება. განათლება არის ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც წლიდან წლამდე ადაპტირდება და ვითარდება, განსაკუთრებით კი ეს ხდება ციფრული ტექნოლოგიების განვითარების ჟამს, ამიტომ ცხადია, სამომავლოდ იქნება გარკვეული ცვლილებები", – განაცხადა ამილახვარმა bmg-ს ეთერში.

მინისტრის თქმით, ამჟამად განათლების სამინისტროში მიმდინარეობს მუშაობა უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსების ახალი მოდელის შექმნაზე, რომელიც თავისთავად გამოიწვევს ცვლილებებს, თუმცა ეს არ მოხდება უახლოეს ორ წელიწადში.
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 2005 წლიდან ტარდება. 2023 წელს რეგისტრაცია 45 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. საქართველოს მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრი გაიხსნა.
იმისათვის, რომ სტუდენტი გახდეს, აბიტურიენტმა უნდა ჩააბაროს სამი სავალდებულო გამოცდა – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ერთი არჩევითი საგანი – ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება.