ილია მეორის თანამოსაყდრის შესაძლო მოწამვლა - მეუფე შიოს პირველი კომენტარი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის თანამოსაყდრის, მეუფე შიოს სისხლში მძიმე მეტალები აღმოაჩინეს.
Sputnikთბილისი, 12 ივლისი – Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის თანამოსაყდრემ, მეუფე შიომ მის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა – მისი თქმით, ის თავს კარგად გრძნობს.
6 ივლისს ტელეკომპანია „რუსთავი 2"-მა გაავრცელა ინფორმაცია პატრიარქის თანამოსაყდრის, მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) შესაძლო მოწამვლის შესახებ. ტელეკომპანიის ინფორმაციით, მეუფე შიოს ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო პერიოდში გაუარესდა. ნივთიერება, რომელიც მიტროპოლიტის სისხლში აღმოაჩინეს, რიგ შემთხვევებში მოწამვლისთვის გამოიყენება, განაცხადეს საპატრიარქოში. შსს-ს ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სსკ-ის „განზრახ მკვლელობის მცდელობის“ მუხლით, თუმცა საქმე შეიძლება გადაკვალიფიცირდეს.
„მადლობა ღმერთს, ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს, პეტრე-პავლობას. ღვთის შეწევნით, კარგად ვარ“, – განაცხადა მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგების დასრულების შემდეგ.
მეუფემ აღნიშნა, რომ მას ალბათ კიდევ ერთი გამოკვლევის ჩატარება მოუწევს, რადგან ექიმები ამის გაკეთებას ურჩევენ.
ამავდროულად მეუფე შიომ განაცხადა, რომ არ იცის, ეს იყო რაიმე ყოფითი მოწამვლა თუ გარკვეული ზემოქმედება.
მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლის საქმესთან დაკავშირებით გამოიკითხა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე. მისი თქმით, საპატრიარქოში საგამოძიებო ღონისძიებები ჯერ არ ჩატარებულა, თუმცა ისინი უახლოეს მომავალში იგეგმება. ამასთან, მომხდარის შესახებ ინფორმირებულია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.
„მუხლებში ვერ ვერკვევი, ნათქვამი იყო, რომ განზრახ მკვლელობის მცდელობით აღიძვრება საქმე და მე ვარ გამოკითხული. ძალიან ზოგადად, რაც მაქვს საჯაროდ ნათქვამი, დაახლოებით იმის ირგვლივ ვისაუბრეთ. გამოძიების ფარგლებში არ ყოფილან საპატრიარქოში. როცა ჩვენ კერძოდ გვინდოდა ანალიზი გაგვეკეთებინა, მაშინ გვყავდა ექსპერტები“, – აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.
ახლა საპატრიარქოში ანალიზების პასუხებს ელოდებიან, ასევე იგეგმება ანალიზების გერმანიაში გაგზავნა, განაცხადა მან.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მეუფე შიოს სისხლში გარკვეული მეტალების მაჩვენებლები ნორმას რამდენჯერმე აღემატება. მისი თქმით, მოწამვლის ეჭვი ძალაში რჩება.
„რა თქმა უნდა, არ არის გამორიცხული. შესაძლოა, საბოლოოდ დადგინდეს, რომ არის რაღაც ყოფითი შემთხვევა, თუმცა რაც ხდება და რა თანმიმდევრობითაც ხდება, ყოველ შემთხვევაში, არ უნდა გამოირიცხოს ჩარევაც“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
გარდა ამისა, ანდრია ჯაღმაიძე განმარტავს, რატომ მიიტანეს ეჭვი მოწამვლაზე.
„სისუსტის პერიოდი როდესაც გრძელდება და გიწევს გამორიცხვის მეთოდით რაღაცების კეთება, ერთ-ერთი ეტაპი არის ანალიზი. ეს შეიძლება ნებისმიერმა ჩვენგანმა დროთა განმავლობაში გავიკეთოთ, ისედაც რეკომენდებულია“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ საპატრიარქოში დასაქმებული დამლაგებლის რუსუდან მაისურაძის გარდაცვალებას, რომლის შესახებაც ცნობილი 7 ივლისს გახდა, ამ დროისთვის მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლას არ უკავშირებენ.
„ვერ ვუკავშირებთ, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება. რამდენიმე კვირა სჭირდება საბოლოო ექსპერტიზას. გუშინ გვქონდა პირველი შეხვედრა გამოძიებასთან და რა მიმართულებით გააგრძელებენ, არ ვიცი, ალბათ, ყველა შესაძლო ვარიანტს განიხილავენ. გამორიცხული არაფერია“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
მისივე განცხადებით, ინფორმაცია, თითქოს ეს შეიძლება გამოწვეული იყოს მეუფე შიოს ახლო გარემოცვაში ინტერესთა კონფლიქტის გამო, ტყუილია და ეს მოსაზრება არაფერ სასარგებლო შედეგს არ მოიტანს.
მეუფე შიოს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა 2023 წლის მაისიდან დაიწყო და ამ საკითხის გასაჯაროება, რაც საპატრიარქოს არ სურდა, პროცესზე ნეგატიურად აისახა, განაცხადა მან.
მან, ვინც ნებსით თუ უნებლიეთ გამოიტანა ეს საკითხი საპატრიარქოს კედლებს გარეთ, პროცესს ზიანი მიაყენა, მიაჩნია ანდრია ჯაღმაიძეს.
„მსგავსი ვერსია თუ განვითარდა, რომ ჩარევით ხდება, რა თქმა უნდა, ასეთი საჯარო განხილვები ამ პროცესს აზარალებს“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
მისი თქმით, ამ დროისათვის მეუფე შიო თავს კარგად გრძნობს, შრომისუნარიანია და „შეზღუდული არ არის მსახურებაში და არც საზოგადოებასთან ურთიერთობაში“.
ჟურნალისტებმა ასევე იკითხეს, ხომ არ დაინტერესებულან აღნიშნული საკითხით რუსეთის საპატრიარქოში, რაზეც ჯაღმაიძემ უპასუხა, რომ მათ არავინ დაკავშირებია.
რა ეტაპზეა გამოძიება, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის თქმით, მუშაობა ყველა მიმართულებით მიმდინარეობს და ტარდება შესაბამისი ღონისძიებები.
„ყველა ფაქტობრივ გარემოებას, რაც ამ საქმის ფარგლებში მნიშვნელოვანია, ჩვენ გამოვიძიებთ. მოგეხსენებათ, რომ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი იძიებს ამ საკითხს. მე წინასწარ კონკრეტული დეტალების გაჟღერებისგან თავს შევიკავებ. დაველოდოთ გამოძიებას. როცა იქნება რაიმე ხელშესახები შედეგები, ბუნებრივია, საზოგადოებას ეცოდინება ამის შესახებ", – განაცხადა დარახველიძემ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო 2017 წლის ნოემბერში აირჩია.