თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. ონკოლოგიური დაავადებების მქონე 18 წლამდე ასაკის პაციენტების მკურნალობა, საქართველოში არსებული კლინიკის გარდა, თურქეთში, ესპანეთსა და ისრაელში იქნება შესაძლებელი, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, თვის ბოლომდე დამტკიცდება ონკოპაციენტი ბავშვების დაფინანსების პროგრამა და 300-მდე ბავშვი ყოველწლიურად სამ ქვეყანაში შეძლებს მკურნალობას.
„ესპანეთის, ისრაელის და თურქეთის კლინიკებიდან მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა თავად შეარჩიონ რომელ კლინიკაში უნდათ ბავშვის მკურნალობა, რასაც სრულად დავაფინანსებთ. ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა, რომ სრულყოფილად დავაფინანსოთ ამ კლინიკებში მათი მკურნალობა“, – განაცხადა აზარაშვილმა.
მინისტრის განცხადებით, თურქეთსა და ესპანეთში მკურნალობის ხარჯებში ბავშვის და ერთი თანმხლების ცხოვრების თანხებიც შედის, ხოლო ისრაელში - არა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, უცხოეთში სერვისის მიმწოდებლად ბაზრის წინასწარი კვლევის საფუძველზე უკვე შერჩეულია თანამედროვე სტანდარტების, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე მაღალტექნოლოგიური კლინიკები, სადაც ერთ სივრცეში გაერთიანებულია მომსახურების სრული სპექტრი.