გერმანიამ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერა გამოუცხადა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება თბილისსა და ბერლინს შორის პოლიტიკური დიალოგის გაღრმავების აქტიურ დინამიკაზე გაამახვილა.
Sputnik
თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. გერმანია მოუწოდებს საქართველოს, გააგრძელოს რეფორმები და მხარს უჭერს ქვეყანას ევროპულ გზაზე, განაცხადა თბილისში ვიზიტით მყოფმა ბუნდესტაგის პრეზიდენტმა ბერბელ ბასმა.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.

„გასულ წელს საქართველომ მიიღო ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა. ეს არის ნათელი პერსპექტივა საქართველოსთვის, რაც პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჩემთვის ძალიან შთამბეჭდავია, რომ საქართველოს მოსახლეობა ევროპელად მიიჩნევს თავს... საქართველოს ვამხნევებ, რომ გააგრძელოს და განახორციელოს ეს რეფორმები. გერმანიის სახელით ვამბობ, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზაზე“, – განაცხადა ბერბელ ბასმა.

ამის შესახებ ბუნდესტაგის პრეზიდენტმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარესთან შალვა პაპუაშვილთან ერთად გამართა. ბასი საქართველოში ორშაბათს ქართველი კოლეგის მოწვევით ჩამოვიდა. პაპუაშვილის გარდა დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან.
„საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან გერმანიას გამორჩეული როლი ჰქონდა და აქვს ჩვენი ქვეყნის ინსტიტუციურ და სოციალურ-ეკონომიკურ გარდაქმნაში. გერმანიის პოლიტიკამ და მხარდაჭერამ კონკრეტული შედეგები მოიტანა. დღეს საქართველო არის სახელმწიფო, რომელმაც უზარმაზარ პროგრესს მიაღწია დემოკრატიული ინსტიტუტების და საზოგადოების მშენებლობაში. აღნიშნულისთვის მადლობას მოვახსენებთ გერმანიას და მის ხალხს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
გერმანიის კანცლერი: გერმანია კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოსგან რეფორმებს ელის >>
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა თბილისსა და ბერლინს შორის პოლიტიკური დიალოგის გაღრმავების აქტიურ დინამიკაზე.
„უმაღლესი დონის ეს ურთიერთშეხვედრები და ვიზიტები არც არის გასაკვირი – იგი ასახავს ხალხთა შორის იმ მჭიდრო ურთიერთობებს, ასევე თანამშრომლობას კულტურის, ეკონომიკის, თავდაცვის, განათლების, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, მეცნიერების და სხვა სფეროებში, რომლებიც საუკუნეების მანძილზე ამდიდრებდა და განამტკიცებდა ჩვენს მეგობრობას და პარტნიორობას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, გერმანიასა და საქართველოს შორის კავშირები დგას დემოკრატიისა და მშვიდობის საერთო ღირებულებებზე. გერმანიასა და საქართველოს შორის კავშირები ასევე საერთო მიზნებსა და ინტერესებს ემსახურება.
შეხვედრა შედგა: რაზე ისაუბრეს ირაკლი ღარიბაშვილმა და ოლაფ შოლცმა >>

„დღეს საქართველო კვლავ ისტორიულ პროცესში იმყოფება. 30 წლის წინ გერმანიამ გადამწყვეტი როლი ითამაშა საერთაშორისო თანამეგობრობაში საქართველოს სრულუფლებიან წევრად დამკვიდრების საქმეში. 30 წლის შემდეგ გერმანიას კვლავ შეუძლია ისტორიული მისიის შესრულება და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის საქართველოსთვის მინიჭებით – ჩვენს ქვეყანაში მშვიდობისა და კეთილდღეობის განმტკიცება. იმედი გვაქვს, გერმანია იქნება ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის მხარდაჭერის პროცესის ლიდერი“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, შვიდი კი ნაწილობრივ. საერთოდ ვერ მიაღწია პროგრესს „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების“ მიმართულებით.
მმართველ პარტიაში კი ამტკიცებენ, რომ 12-ვე პირობა არის შესრულებული. შენიშვნების უმეტესობა პრაქტიკის დახვეწას ეხება, საკანონმდებლო დონეზე სამუშაო შესრულებულია. რიგ შემთხვევებში საუბარია ახალი კანონების მიღებაზე, მათ შორის სასამართლო სისტემის შესახებ და ასევე დეოლიგარქიზაციის შესახებ სისტემატური მიდგომის გამოყენებით, მაგრამ ამ პუნქტების შესასრულებლად ევროკომისიისგან საჭიროა კონკრეტიკა.