ქუთაისი და ბიშკეკი შესაძლოა პირდაპირმა ავიარეისებმა დააკავშიროს

ამჟამად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 5 ავიაკომპანია ოპერირებს. რეისები 17 ქვეყნის 34 მიმართულებით სრულდება.
Sputnik
თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ აზერბაიჯანსა და საქართველოში ყირგიზეთის ელჩს კაირატ ოსმონალიევთან შეხვედრაზე ყირგიზეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შესაძლო დაწყება განიხილა, ნათქვამია აეროპორტების გაერთიანების განცხადებაში.
ამ ეტაპზე საქართველოსა და ყირგიზეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა არ არის.

„ცენტრალური აზიის ქვეყნებთან პირდაპირი საჰაერო კავშირები ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. ყირგიზეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის ხელშეწყობა ჩვენი დღის წესრიგის ერთ-ერთი პრიორიტეტია“, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

მისი თქმით, მგზავრთნაკადის ზრდის გამო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ავიაკომპანიებისთვის სულ უფრო მიმზიდველი ხდება.
„ელჩს დავპირდით, რომ მოვძებნით შესაძლებლობების გზებს როგორც ქართულ, ისე ყირგიზულ ავიაკომპანიებს შორის, რათა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის კუთხით შედგეს“, – განაცხადა ქარქაშაძემ.
2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ყირგიზეთიდან 3.432 ვიზიტორი ეწვია. 2022 წელს სულ – 14.218 ვიზიტორი, რაც 7%-ით არის გაზრდილი 2019 წელთან შედარებით.
როგორ გაიზარდა ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი საქართველოში - საინვესტიციო კომპანიის ვერსია >>
ამ წლის იანვარი-მაისის პერიოდში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 502.323 მგზავრს მოემსახურა, რაც 2019 წლის ამავე პერიოდს 74%-ით აღემატება.
გარდა ამისა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 1.591 რეისს მოემსახურა, რაც პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით 66%-ით მეტია.
ამჟამად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 5 ავიაკომპანია ოპერირებს. რეისები 17 ქვეყნის 34 მიმართულებით სრულდება.