თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. ლგბტქი+ თემის მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგე აქტივისტები ვაჟა-ფშაველას გამზირზე შეიკრიბნენ და ლისის ტბისკენ, მიემართებიან., სადაც „პრაიდის კვირეულს“ დასკვნითი ღონისძიება უნდა გაიმართოს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
ფესტივალი, რომელიც ლისის ტბასთან დახურულ ტერიტორიაზე არის დაანონსებული, დაასრულებს „პრაიდის კვირეულს“ (Tbilisi Pride Week), რომელიც ორგანიზებულია ლგბტქი+ თემის მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდის“ მიერ.
გუშინ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ყველა ზომას მიიღებს „პრაიდის კვირეულის“ დასკვნითი ფესტივალის უსაფრთხოდ ჩატარებისთვის, აგრეთვე დაიცავს თითოეული ადამიანის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, თუ ის არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.
ფესტივალი „პრაიდის კვირეულის“ ფარგლებში დახურულ ტერიტორიაზე ჩატარდება და იქ მხოლოდ ის შეძლებს მოხვედრას, ვინც რეგისტრაცია წინასწარ გაიარა.
ფესტივალის ჩატარებამდე ერთი დღით ადრე საქართველოს რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ე.წ. ლგბტ მოძრაობა ადამიანის უფლებების დაცვის, ტოლერანტობისა და მიმღებლობის ქოლგის ქვეშ ახორციელებს შორს მიმავალ გეგმებს და მისი ნამდვილი მიზანი არის არა ვინმეს უფლებების დაცვა, არამედ კულტურული კოდის შეცვლა და გაუკუღმართებული ცხოვრების წესის დანერგვა.
ლგბტ თემის უფლებების დამცველთა ღონისძიებას ნეგატიურად აღიქვამს საზოგადოების კონსერვატიული ნაწილი. ნებისმიერ მცდელობას, ჩატარდეს ღია ღონისძიება, კონტრაქციები და დაპირისპირებები სდევს თან.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უსაფრთხოების არასაკმარისი ზომების გამო სახელმწიფოს უკვე რამდენჯერმე დაავალა კომპენსაციის გადახდა ასეთ დაპირისპირებაში დაშავებული პირებისთვის.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2023 წლის 30 ივნისს პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ აუცილებელია ლგბტ საკითხზე საჯარო დისკუსიის დაწყება და გარკვევა, რა არის მისაღები და რა მიუღებელი ქვეყნისთვის. მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობის 90% ემხრობა ქრისტიანულ ღირებულებებს და ოჯახის ინსტიტუტს, ამიტომაც საკითხი დარეგულირებას საჭიროებს.