„ყველას ყველაფერი ახსოვს“ - თბილისში კიევის განცხადებას უპასუხეს

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა მეორე ფრონტის შესახებ კიევის უარყოფაზე კომენტარი გააკეთეს.
Sputnik
თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. საქართველოს მოსახლეობას კარგად ახსოვს, რისკენ მოუწოდებდა უკრაინის ხელისუფლება ქვეყანას, მათ შორის, თბილისში მარტის საპროტესტო აქციების დროს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.
ასეთი კომენტარი გააკეთა პოლიტიკოსმა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის მიხაილ პოდოლიაკის განცხადებაზე, რომელმაც თქვა, რომ უკრაინის ხელისუფლებას საქართველოსთვის არასდროს მოუწოდებია ე.წ. მეორე ფრონტის გახსნისკენ. პოდოლიაკმა „ქართული ოცნების“ ლიდერების მსგავს განცხადებებს ტყუილი უწოდა.

„ყველას გვახსოვს, რისთვის გაიწვია უკრაინამ ელჩი და მაღალი პოლიტიკური დონეებიდან რა განცხადებები კეთდებოდა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისი თქმით, გაერთიანებული ქართულ-უკრაინული მოძრაობა მუდმივად და ყოველგვარი მინიშნებების გარეშე საქართველოს საომარ მოქმედებებში ჩართვისკენ მოუწოდებდა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ ასევე განაცხადა, რომ საქართველოში კარგად ახსოვთ უკრაინის ხელისუფლების განცხადებები, ამიტომ რთული სათქმელია, რომელ აუდიტორიაზეა გათვლილი პოდოლიაკის გუშინდელი განცხადება.
„თუ სხვა რამეს გულისხმობდნენ, ალბათ განცხადება უნდა გაეკეთებინათ დიდი ხნით ადრე, როცა ამაზე საუბარი დაიწყო და არა ახლა, როცა ეს ყველაფერი ძალიან დაგვიანებულია“, – განაცხადა სარჯველაძემ.
საშინაო საქმეებში ჩარევა: საგარეო საქმეთა სამინისტროს რეაქცია ზელენსკის გადაწყვეტილებაზე>>
მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები საქართველოს მიმართ უკმაყოფილებით იყო სავსე იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო არ შეუერთდა საომარ მოქმედებებს.
მეორე ფრონტის გახსნის მოწოდებები ასევე გაიხსენა დეპუტატმა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „რეფორმების ჯგუფიდან“ თეონა აქუბარდიამ.
„ჩემთვის მთავარი განცხადება იყო უშიშროების საბჭოს მდივნის, სადაც კითხვაზე, თუ რა დაეხმარებოდა უკრაინას, მან უპასუხა – რუსეთთან ომში სხვა ქვეყნების ჩართულობა, ნახსენები იყო იაპონიაც“, – განაცხადა აქუბარდიამ.
ამ კონტექსტში ეს იყო ირიბი მოწოდება საომარ მოქმედებებში ჩართვისკენ, აღნიშნა მან.
კიევის მოწოდებები
„ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებით, კიევმა არაერთხელ ითხოვა საომარი მოქმედებების დაწყება იმ მოტივით, რომ რუსეთის ჯარები კონცენტრირებული არიან უკრაინაზე. ამჯერად საქართველოს ხელისუფლებას უმაღლესი რადის დეპუტატმა ფიოდორ ვენისლავსკიმ მიმართა.
საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ ერთ-ერთმა პირველმა უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა მოუწოდა. მისი სიტყვებით, დამატებითი ფრონტების გახსნა რუსეთის ინტერესების სფეროში სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე უკრაინას ძალიან დაეხმარებოდა. მან დაასახელა საქართველო, კურილის კუნძულები და კალინინგრადის ოლქი.
იქცევიან როგორც უკრაინელი პოლიტიკოსები - შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე>>
მოგვიანებით უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, დაიბრუნოს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. თუმცა, მისი თქმით, საქართველო არათუ არ აკეთებს ამას, არამედ რუსეთის პოზიციის გამართლებას ცდილობს.
საქართველოს ხელისუფლება ქართული ოპოზიციისა და ოფიციალური კიევის წარმომადგენლების მხრიდან კრიტიკის ობიექტი არაერთხელ გახდა უკრაინაში განვითარებული მოვლენების შემდეგ. თავდაპირველად მიზეზი იყო მოხალისეების უკრაინაში ორგანიზებულ გამგზავრებაზე უარი. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეს ქვეყნის შეიარაღებულ კონფლიქტში ჩართვას ნიშნავდა. მოგვიანებით საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ დაადანაშაულეს რუსეთის დახმარებაში სანქციების არიდების კუთხით.
საქართველოს ხელისუფლება მუდმივად აცხადებს, რომ უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევენ, ასევე იცავენ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს.