სასჯელი უნდა მოიხადოს - კობახიძე სააკაშვილზე

პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ გათავისუფლების შემთხვევაში სააკაშვილს ქვეყნის დანგრევის რესურსი არა აქვს.
Sputnik
თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. პატიმარმა ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უნდა მოიხადოს სასჯელი, რადგან კანონი ყველასთვის ერთია, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 3 ივლისს საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, შეწყვიტოს სააკაშვილისთვის „შეურაცხყოფის მიყენება“ და გადასცეს ის უკრაინას, რომლის მოქალაქეც არის ექს-პრეზიდენტი.

„გინდ სამაჯურით, გინდ სამაჯურის გარეშე, გინდ ქვეყნის გარეთ... თუ საუბარია ადამიანის გათავისუფლებაზე, ეს არის გათავისუფლება და ჩვენი პოზიციაა, რომ მიხეილ სააკაშვილმა კუთვნილი სასჯელი სათანადოდ უნდა მოიხადოს“, – განაცხადა კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

მისი თქმით, საქართველოში კანონი უნდა აღსრულდეს. პოლიტიკოსმა ასევე აღნიშნა, რომ სააკაშვილს არ გააჩნია ქვეყნის დანგრევის რესურსი, თუ ის ციხიდან გამოვა, მაგრამ გათვლა სწორედ ამაზე კეთდება.
„ეს არის საჭირო, მათ შორის, იმისთვის, რომ არ შესრულდეს (მიხაილო) პოდოლიაკისა და (ოლექსი) დანილოვის მოწოდებები“, – განაცხადა კობახიძემ.
უკრაინის ხელისუფლების პოზიცია შეურაცხმყოფელია - ირაკლი კობახიძე>>
საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ ერთ-ერთმა პირველმა უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა მოუწოდა. მისი სიტყვებით, დამატებითი ფრონტების გახსნა რუსეთის ინტერესების სფეროში სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე უკრაინას ძალიან დაეხმარებოდა. მან დაასახელა საქართველო, კურილის კუნძულები და კალინინგრადის ოლქი.
მოგვიანებით უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, დაიბრუნოს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. თუმცა, მისი თქმით, საქართველო არათუ არ აკეთებს ამას, არამედ რუსეთის პოზიციის გამართლებას ცდილობს.
ირაკლი კობახიძე: სააკაშვილის სასამართლოზე ჩართვა კუჭის რეზექციის რეკლამაა>>
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ უკრაინას არასდროს მოუთხოვია საქართველოსგან ე.წ. მეორე ფრონტის გახსნა.