თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ყოველგვარ მორალურ საზღვრებს სცდება, როდესაც საქართველოს ხელისუფლებას უსაფუძვლოდ სდებს ბრალს სააკაშვილის პატიმრობის გამო, მიიჩნევს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
ზელენსკიმ 3 ივლისს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა, დაუკავშირდეს საქართველოს ელჩს უკრაინაში და გამოხატოს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მტკიცე პროტესტი. მან მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, გადასცეს მათ უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი, რათა მას უმკურნალონ. სამშაბათს ქართველ დიპლომატს უკრაინის დატოვება შესთავაზეს თბილისთან კონსულტაციებისთვის.
„სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საქმე განიხილა და ყველა აბსურდული ბრალდება უარყო. ამდენად, სააკაშვილის მიერ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ თვითდაზიანების და უსაფუძვლო ბრალდებების გამოყენება, როგორც ციხიდან გათავისუფლების სტრატეგია, არათუ მიუღებელია, არამედ ყველანაირ მორალურ საზღვრებს სცდება", – დაწერა პაპუაშვილმა Twitter-ის მიკრობლოგში.
მისი თქმით, ახლა უკრაინას ყველაზე ნაკლებად სჭირდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების იგნორირება.
ზელენსკის გადაწყვეტილებას ორშაბათს წინ უძღოდა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ სააკაშვილის გამოჩენა, რომელმაც დისტანციურად მიიღო მონაწილეობა თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომაში, რომელიც 2007 წელს აქციის დარბევის საქმეს ეხებოდა. მან გამოაჩინა თავისი გამხდარი სხეული და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, ბოდიში მოეხადათ მისი ასეთ მდგომარეობამდე მიყვანისთვის.
სამშაბათს ზელენსკის ბრძანებით საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარაშვილი დაიბარეს უკრაინის საგარეო უწყებაში და „გამოხატეს მტკიცე პროტესტი პატიმრობაში მყოფი უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის არსებით გაუარესებასთან დაკავშირებით".
ამასთან დაკავშირებით დიპლომატი გამოუშვეს თბილისში, რათა მან არსებული ვითარების გადასაწყვეტად კონსულტაციები გამართოს და გზები მოიძიოს.
მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოში" უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ხელისუფლების შეურაცხყოფა უწოდეს.
ამას გარდა, ორშაბათს საქართველოში უკრაინის საკითხებში დროებითი რწმუნებული ალექსანდრ შულგა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს კიევის მიერ ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ისა და მისი დამფუძნებლის თამაზ გაიაშვილის მიმართ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით.
უკრაინის მხრიდან სანქციებზე მას შემდეგ დაიწყო ლაპარაკი, რაც Georgian Airways-მა, ერთადერთმა ქართულმა ავიაკომპანიამ რუსეთში ფრენა დაიწყო.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.