თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ ბევრი რამ შეცვალა სასამართლო სისტემაში, მათ შორის, სრულყო მოსამართლეების შერჩევისა და დანიშვნის პროცედურები და განაახლა მოსამართლეების მიმართ დისციპლინური წარმოების წესები, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკავშირის 12 პირობის შესრულების შესახებ ანგარიშის პრეზენტაციაზე.
რეფორმების გატარება სასამართლო სისტემაში ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან მესამეა. რეკომენდაციებში ნათქვამია, რომ ყველა ცვლილება ამ მიმართულებით სრულად უნდა შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს და ვენეციის კომისიის – საკონსტიტუციო სამართლის საკითხებზე ევროპის საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ორგანოს რეკომენდაციებს.
ივნისის ბოლოს ევროკომისიის შუალედური ანგარიში გამოქვეყნდა, სადაც ნათქვამია, რომ რეკომენდაციების მესამე პუნქტი ნაწილობრივ არის შესრულებული და საქართველომ გაწეული მუშაობის შედეგები მეორე შეფასების მისაღებად ვენეციის კომისიას უნდა გაუგზავნოს, ასევე შეავსოს ვაკანტური ადგილები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.
საქართველო ევროკავშირის გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით 2023 წლის დეკემბერში ელოდება. ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა. სამმა ქვეყანამ განაცხადი თითქმის ერთდროულად გააკეთა, თუმცა კანდიდატის სტატუსი მხოლოდ მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
სტრატეგია და მოქმედებების გეგმა
რეკომენდაციები: მიღებული და რეალიზებული იყოს სასამართლო რეფორმის გამჭვირვალე და ეფექტური სტრატეგია და მოქმედებების გეგმა ფართო, ინკლუზიური და პარტიებს შორის კონსულტაციების პროცესის საფუძველზე.
რა გაკეთდა: პარლამენტმა შეიმუშავა და დაამტკიცა სასამართლო რეფორმის სტრატეგია და მოქმედებების გეგმა.
„ჩვენ ვთხოვეთ ყველა ოპოზიციურ პარტიას თავის დროზე, საკუთარი დოკუმენტი წარმოედგინათ. გამომდინარე იქიდან, რომ ჩართულობა ამ პროცესში მათი მხრიდან იყო საკმაოდ სუსტი, ჩვენ ვთხოვეთ თითოეულ მათგანს, წარმოედგინათ საკუთარი სტრატეგია სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით, თუმცა საბოლოო ჯამში, თუ სწორად მახსოვს, იყო ერთადერთი პოლიტიკური ოპოზიციური პარტია, რომელმაც წარმოადგინა რამდენიმეგვერდიანი დოკუმენტი", – განაცხადა კობახიძემ.
შედეგად საქართველოს პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა 100-გვერდიანი დოკუმენტი შეიმუშავა. მასში დეტალურად არის შეფასებული სასამართლო სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული თითოეული მიმართულება, განმარტა კობახიძემ.
შესწორებები კანონში „საერთო სასამართლოების შესახებ"
რეკომენდაცია: უზრუნველყოფილ იქნას სრული და ნამდვილად დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა თავისი სასამართლო ინსტიტუციური ჯაჭვით, ასევე უზრუნველყოფილ იქნას ხელისუფლების დაყოფა. კერძოდ, უზრუნველყოფილ იქნას ყველა სასამართლო დაწესებულების სათანადო ფუნქციონირება და კეთილსინდისიერება, კერძოდ, უმაღლესი სასამართლოსი, და აღმოიფხვრას ნებისმიერი გამოვლენილი ნაკლი, მათ შორის, ყველა დონის მოსამართლის დანიშვნის მხრივ.
რა გაკეთდა: ორგანულ კანონში „საერთო სასამართლოების შესახებ" 2023 წლის ივნისში შევიდა ცვლილებები, რომელთა დიდი ნაწილი ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ეყრდნობა.
„აქ მრავალი მიმართულებით განხორციელდა ცვლილებები, დაიხვეწა დამატებით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცედურა, ასევე იმავე სტანდარტით დადგინდა პირველი და მეორე ინსტანციების მოსამართლეთა დანიშვნის პროცედურა, ესეც იყო ვენეციის კომისიის ერთ-ერთი რეკომენდაცია", – განაცხადა კობახიძემ.
მან მნიშვნელოვანი ცვლილება უწოდა იმას, რომ სასამართლო აქტები, რომლებიც განიხილებოდა ღია სხდომებზე, საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა.
შესწორებების მიხედვით, დადგინდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატურების შერჩევასთან დაკავშირებით ეფექტური გასაჩივრების საკითხი, რაც ასევე ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იყო.
ახლა თუ უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მხრიდან კანდიდატის მიმართ მიკერძოებულობასა და დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას დაადგენს, ის კანდიდატთა განმეორებით შერჩევაში მონაწილეობას არ მიიღებს.
გარდა ამისა, დაწესდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კანდიდატების გაზრდილი ანგარიშვალდებულების წესი.
ვენეციის კომისიის რეკომენდაციებით დაზუსტდა ისეთი საკითხები, როგორიცაა მივლინება, გადაყვანა, მოსამართლეთა პოლიტიკური ნეიტრალიტეტის კრიტერიუმები, მათი დისციპლინური პასუხისმგებლობის წესების მოგვარება.
გენერალური პროკურორის არჩევა
რეკომენდაცია: უზრუნველყოფილ იქნას ყველა საპროკურორო დაწესებულების სათანადო ფუნქციონირება და კეთილსინდისიერება და აღმოიფხვრას ნებისმიერი გამოვლენილი ნაკლი, მათ შორის, გენერალური პროკურორის დანიშვნა.
რა გაკეთდა: საქართველოს პარლამენტმა 2022 წლის ოქტომბერში პირველი მოსმენით მიიღო შესწორებები საქართველოს კონსტიტუციაში, რომლის თანახმად შემდეგი ორი მოწვევის პარლამენტი გენერალურ პროკურორს პარლამენტის მთელი შემადგენლობის ხმების 3/5-ით აირჩევს.
შესწორებები ქვეყნის მთავარ კანონში კონსენსუსის წყალობით მიიღეს, რომელსაც ოპოზიციამ და მმართველმა „ქართულმა ოცნებამ" მიაღწიეს, რომელიც პროექტს იურიდიულ ნონსენსად თვლის, მაგრამ იძულებულია ამაზე წავიდეს, რათა ევროკომისიის პირობები შესრულდეს.
კენჭისყრის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ეს არის მცდელობა, რაღაც მექანიზმებით დემოკრატიული პროცესების გვერდის ავლით უმცირესობას მიეცეს ძალაუფლების ბერკეტი.
„შედგა საბოლო ჯამში კონსესუსი, მიუხედავად იმისა, რომ არცერთი პოლიტიკური პარტიისთვის არ არის მაინცდამაინც საინტერესო და ხშირ შემთხვევაში მისაღები ის ნორმა, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ", – განაცხადა კობახიძემ პრეზენტაციაზე.
ამიტომ, მისი თქმით, მმართველმა პარტიამ ევროკომისიასთან დამატებითი კონსულტაციები ითხოვა იმისთვის, რომ საბოლოოდ შეთანხმდეს გენერალური პროკურორის არჩევის საკითხი.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო
რეკომენდაცია: გატარდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დეტალური რეფორმა და დაინიშნონ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დანარჩენი წევრები.
რა გაკეთდა: დადგინდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კანდიდატების მაღალი ანგარიშვალდებულების წესი კანონში "საერთო სასამართლოების შესახებ" შესწორებების თანახმად, და საბჭო თითქმის სრულად არის დაკომპლექტებული – დარჩა მხოლოდ ორი ვაკანტური ადგილი.
„ჩვენ ავირჩიეთ სამი წევრი. საკმაოდ რთული პროცესი იყო, ორი წევრი კვლავაც ასარჩევია, ვნახოთ, როგორ წარიმართება სამომავალოდ ეს პროცესი", – განაცხადა კობახიძემ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის სასამართლო ხელისუფლების საკოორდინაციო ორგანო, რომლის მიზანია ხარისხიანი და ეფექტური მართლმსაჯულების ხელშეწყობა.
17 მაისამდე საბჭოში კანონით განსაზღვრული 15-დან მხოლოდ 10 ადამიანი იყო, ვინაიდან პარლამენტის მიერ არჩეულ ხუთ კაცს უფლებამოსილება უკვე ორი წლის წინ ამოეწურა. საპარლამენტო უმრავლესობას ამჟამად 84 დეპუტატი ჰყავს და კანდიდატების ასარჩევად მას ოპოზიციასთან მოლაპარაკება სჭირდებოდა. მაისის შუა რიცხვებში პარლამენტმა მაინც მოახერხა სამ ვაკანტურ ადგილზე კანდიდატების არჩევა.
მოგვიანებით რამდენიმე ოპოზიციონერმა დეპუტატმა აღიარა, რომ მათ ხმა მისცეს ამ კანდიდატებს. მიზეზად დაასახელეს ის, რომ მათმა კოლეგებმა ოპოზიციიდან ისინი არ გააფრთხილეს, რომ ეს არ უნდა გაეკეთებინათ.