თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. ქართული კერძები ნიუ-იორკის მასშტაბურ სასურსათო გამოფენა Fancy Food Show-ზე პირველად იყო წარმოდგენილი.
ღონისძიებაზე საქართველოდან 16 კომპანია წარდგა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი". გამოფენას ასევე ესწრებოდა საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ზალკალიანი.
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორის მიხეილ ხიდურელის თქმით, საქართველოს მთავრობა ქართულ კომპანიებს საერთაშორისო ბაზარზე გასვლაში მაქსიმალურად ეხმარება, ამისთვის სხვადასხვა ტრენინგები და კურსები ტარდება.
წელს Fancy Food Show-ში დაახლოებით 40 ათასმა მონაწილემ და სტუმარმა მოიყარა თავი. საქართველოს სლოგანი იყო „ჩვენ ვქმნით, თქვენ გრძნობთ".
საერთაშორისო სავაჭრო სურსათის ასოციაცია (NASFT) იმ კომპანიების არაკომერციული საქმიანი კავშირია, რომლებიც კვების პროდუქტების წარმოების, საცალო და საბითუმო დისტრიბუციის სფეროში მუშაობენ.
ასოციაცია 1952 წელს დაფუძნდა. მისი მთავარი მიზანია ახალი ტექნოლოგიებისა და კვების ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობა. ასოციაციის გამოფენა მთელი მსოფლიოდან 15-დან 30 ათასამდე პროფესიონალ სტუმარს იზიდავს.
ყოველწლიური ზამთრის სესია Fancy Food Show SFA აშშ-ის დასავლეთ სანაპიროს რომელიმე ქალაქში ტარდება, ხოლო ყოველწლიური ზაფხულის სესია Fancy Food Show – ნიუ-იორკში.