თბილისი,1 ივლისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია პარასკევს, 30 ივნისს დაიხურა, როგორც ამას რეგლამენტი მოითხოვს.
რეგლამენტის თანახმად, საგაზაფხულო სესია იხსნება თებერვლის პირველ სამშაბათს და ივნისის ბოლო პარასკევს იხურება.
პარასკევს, 30 ივნისს, დეპუტატებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც წარადგინა ანგარიში 2022 წლის მთავრობის პროგრამის შესასრულებლად გაწეული სამუშაოს შესახებ და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.
პრემიერის ანგარიში მოიცავდა როგორც საგარეო პოლიტიკის მიმართულებით შესრულებულ სამუშაოებს, ასევე საშინაო პოლიტიკისა და ეკონომიკის საკითხებს და მნიშვნელოვანი სამთავრობო პროგრამების განხორციელებას.
ამიერიდან საქართველოს პარლამენტი სესიის დახურვის შემდეგ რიგგარეშე სესიის მოწვევის გარეშე პლენარული სხდომების გამართვას ვერ შეძლებს.
ამ დროისთვის მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლებს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესაძლებლობასა და მის ვადებზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.
კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პარლამენტის მუშაობა საშემოდგომო სესიის ფარგლებში სექტემბრის პირველ სამშაბათს უნდა განახლდეს.