თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. შრომის ინსპექციის თანამშრომლებმა 2022 წელს შრომის უფლებების მიმართულებით 1024 პირველადი და შემდგომი ინსპექტირების შედეგად 632 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, გასულ წელს შრომის უფლებების მიმართულებით კომპანიებმა მიიღეს 3,4 ათასზე მეტი მითითება, მთლიანობაში კი შრომითი უფლებების დაცვის ზედამხედველობა 68 ათასზე მეტ დასაქმებულს შეეხო.
2022 წელს შრომის უსაფრთხოების კუთხით განხორციელებული ზედამხედველობის ფარგლებში 2510 პირველადი და შემდგომი ინსპექტირება განხორციელდა. გაიცა 8728 მითითება და ჯამში შედგენილ იქნა 1748 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.
ზედამხედველობა შრომის უსაფრთხოებაზე კი 108 ათასს დასაქმებულს შეეხო.
გარდა ამისა, 2022 წელს მეწარმეთა 52%-მა განმეორებითი ინსპექციის შემდეგ გაითვალისწინა მითითებები და დარღვევები აღმოფხვრა. 2021 წელს მითითებები მეწარმეთა მხოლოდ 28%-მა შეასრულა.
დღეს შრომის ინსპექცია ამოწმებს როგორც სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების წესების დაცვას, ასევე განიხილავს სამუშაო გრაფიკის დაცვას, ახორციელებს თანამშრომელთა შესაძლო დისკრიმინაციის, მათი შრომითი უფლებების და დამსაქმებლების მიერ შრომის კოდექსის ნორმების დაცვის მონიტორინგს.
გარდა ამისა, წელს შრომის ინსპექციას აქვს შესაძლებლობა დააჯარიმოს დამსაქმებლები შრომის კოდექსის დარღვევისთვის. ჯარიმის ოდენობა დამოკიდებულია კომპანიის შემოსავალზე და დარღვევის ტიპზე.