ვინ იქნება თბილისის ახალი აეროპორტის მესაკუთრე - მთავრობის პოზიცია

საუბარია ვაზიანის ტერიტორიაზე ახალი, თანამედროვე, საერთაშორისო კლასის აეროპორტის აშენებაზე.
Sputnik
თბილისი, 1 ივლისი – Sputnik. თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი სახელმწიფოს საკუთრებაში იქნება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საუბარია ვაზიანის ტერიტორიაზე ახალი, თანამედროვე, საერთაშორისო კლასის აეროპორტის აშენებაზე. ახლა მიმდინარეობს მსოფლიოში წამყვანი, საუკეთესო არქიტექტორების და ჯგუფების, კომპანიების შერჩევა, რათა სამუშაოები 2024 წელს დაიწყოს.
„აუცილებელია, ასეთი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები იყოს სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ და კუთვნილებაშიც მათ შორის“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, მთავრობა განიხილავს ახალი აეროპორტის წილის გასხვისებას, მაგრამ საკონტროლო პაკეტს თავად დაიტოვებს.
ირაკლი ღარიბაშვილი
ამჟამად თბილისთან ახლოს ახალი საერთაშორისო აეროპორტის აშენება შეზღუდულია მთავრობასა და კომპანია TAV Georgia-ს შორის ხელმოწერილი შეთანხმებით, რომელიც თბილისისა და ბათუმის აეროპორტებს მართავს.
შეთანხმების მიხედვით, რომელიც 2027 წლამდე მოქმედებს, ამჟამად აკრძალულია საერთაშორისო რეისების განხორციელება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 200 კმ რადიუსში.
პირველ ტექნიკურ კვლევებს ვაზიანში აეროპორტის განვითარების შესაძლებლობაზე მსოფლიოს საავიაციო ინდუსტრიაში ერთ-ერთი საუკეთესო საკონსულტაციო კომპანია Airport Competence GmbH ჩაატარებს.