თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. მთავრობამ სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში 11 ათასამდე პროექტი დააფინანსა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში.
სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში" 2014 წლის ზაფხულში შეიქმნა. მისი მიზანია ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების წახალისება. 2017 წლის აპრილში შეიქმნა ამავე სახელწოდების სააგენტო, რომელმაც გააერთიანა ქვეყნის ბიზნეს-სექტორისა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისკენ მიმართული ყველა სახელმწიფო პროგრამა.
„პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ამოქმედების დღიდან დღემდე სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში 11 ათასამდე პროექტი დაფინანსდა და 62.500 სამუშაო ადგილი შეიქმნა", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა ჩამოთვალა ფაქტორები, რომლებიც საქართველოში ეკონომიკურ წარმატებას, მნიშვნელოვან გაჯანსაღებასა და გაუმჯობესებას იწვევს ყველა მიმართულებით.
„პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში გაფართოვდა ბიზნესის როგორც ფინანსური, ასევე ტექნიკური ხელშეწყობის მექანიზმები; მეწარმეებისათვის ადგილობრივ დონეზე ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით დამუშავდა რეგიონული ზრდის ცენტრების კონცეფცია; წელს გაიხსნება საკონსულტაციო ცენტრები რეგიონებში", – განაცხადა პრემიერმა.
გარდა ამისა, პრემიერის თქმით, მხოლოდ პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში 2022 წელს 1 ათასამდე პროექტის მხარდაჭერა მოხდა, რამაც 6 ათასამდე სამუშაო ადგილი შექმნა.
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" პროგრამები მიმართულია მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებაზე, თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრებაზე და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე. საუბარია კრედიტების სუბსიდირებასა და უზრუნველყოფაზე, რომელიც მოიცავს საქმიანობის 200-ზე მეტ სახეობას და მიკროგრანტებს, რომლებიც საქმიანობის 300-მდე სახეობას ეხება.