ჯანდაცვის სამინისტრო ტუბერკულოზიანი პაციენტების მომსახურების გაუმჯობესებას გეგმავს

საქართველო 2016 წლიდან აღარ შედის ტუბერკულოზის მაღალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნების ჩამონათვალში.
Sputnik
თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ მოამზადა პროექტი, რომელიც ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტებისთვის სამედიცინო სერვისების გაუმჯობესებას ემსახურება, იუწყება ჯანდაცვის სამინისტრო.
კვლევის შესაბამისი პრეზენტაცია ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულმა ცენტრმა წარმოადგინა. კვლევის მთავარი მიზანია პაციენტების უზრუნველყოფა გაუმჯობესებული სამედიცინო სერვისებით.

„საერთაშორისო თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის სტატუსს როგორც ქვეყანაში, ასევე რეგიონში", – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ პრეზენტაციაზე.

მკურნალობის ახალი მიდგომების შემუშავების მნიშვნელობაზე ისაუბრა ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის კოორდინატორმა ზაზა ავალიანმა, რომელმაც განაცხადა, რომ დაავადების მნიშვნელოვანი შემცირების წინაპირობას წარმოადგენს დაავადების დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობის ოპტიმალური ვადები.
ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში საერთაშორისო სამეცნიერო კონსორციუმის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, სადაც საქართველოში ტუბერკულოზის პროგრამის მიმდინარეობასა და სამეცნიერო მიღწევებს გაეცნენ. სამდღიან საერთაშორისო კონფერენციაში მსოფლიოს 11 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
2016 წლიდან საქართველო აღარ შედის იმ ქვეყნების რიცხვში, სადაც წამლისადმი მრავლობითი რეზისტენტობის მქონე ტუბერკულოზის შემთხვევების მაღალი მაჩვენებელია.
საქართველოში „ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამის" ფარგლებში 2022 წელს ტუბერკულოზისგან უფასოდ დაახლოებით 37,5 ათასი მოქალაქე განიკურნა. მისი ძირითადი მიზნებია ტუბერკულოზის ეფექტური და ხარისხიანი დიაგნოსტიკა და მკურნალობა, ასევე ავადობის, სიკვდილიანობის და ინფექციის გავრცელების შემცირება.
2022 წელს ამ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ამბულატორიული მომსახურება 36,2 ათასზე მეტ ადამიანს გაეწია, ხოლო სტაციონარული მომსახურება დაახლოებით 1,3 ათასმა პაციენტმა მიიღო, საიდანაც 97 შემთხვევაში საჭირო გახდა ქირურგიული ჩარევა.
ტუბერკულოზის მკურნალობის სახელმწიფო პროგრამის წარმატება: ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემები>>
სახელმწიფო პროგრამის წყალობით საქართველოში ბოლო ათი წლის განმავლობაში ფიქსირდება ტუბერკულოზის ყველა ფორმით ავადობის მაჩვენებლის მნიშვნელოვანი შემცირება – წელიწადში საშუალოდ 6,6%-ით.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში სენსიტიური ტუბერკულოზით დაავადებულთა წარმატებულმა მკურნალობამ 85%-ს მიაღწია, ხოლო მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის შემთხვევაში – 75%-ს.
ტუბერკულოზის ახალი შემთხვევების მაჩვენებელი 65%-ით შემცირდა – 112-დან 40-მდე ყოველ 100.000 მოსახლეზე. 2021 წელს ტუბერკულოზი 1.646 ადამიანს დაუდგინდა, რაც 10%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
2020-2021 წლებში ტუბერკულოზის შემთხვევების მნიშვნელოვან შემცირებას ექსპერტები კორონავირუსის პანდემიას და კოვიდ-შეზღუდვის გამო ადამიანებს შორის კონტაქტების რაოდენობის შემცირებას უკავშირებენ.
ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამა
2016 წლიდან საქართველო აღარ შედის MDR-TB მაღალი ტვირთის მქონე ქვეყნებს შორის. თუმცა, წამლისადმი რეზისტენტობის ტვირთი ჯერ კიდევ მაღალია, რაც წარმოადგენს ქვეყანაში ტუბერკულოზის ეფექტური ელიმინაციის მთავარ გამოწვევას. ქვეყანა ამ დაავადებასთან ბრძოლას აგრძელებს.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საქართველოში ხელმისაწვდომია დაავადების სწრაფი და ეფექტიანი დიაგნოსტიკა და მკურნალობა, უახლესი თაობის შესაბამისი მედიკამენტები.
საშიშია თუ არა ხველა, რომელიც ვირუსმა დაგიტოვათ - მაია ბუწაშვილის რჩევები>>
მკურნალობა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ, პაციენტებს ზედმეტად არაფრის გადახდა არ უწევთ. პროგრამის ბიუჯეტი წელს 17,2 მლნ ლარია.
სახელმწიფო პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ასევე ქვეყანაში მუდმივად მცხოვრებ, მაგრამ მოქალაქეობის არმქონე პირებს. მედიკამენტების უფასოდ მიღება შეუძლიათ იმ პირებსაც, რომლებსაც აქვთ დროებითი ბინადრობის ნებართვა, მათ შორის სტუდენტებს. პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფ პირებსაც.
ტუბერკულოზი — ჰაერ-წვეთოვანი გზით გადამდები საშიში ინფექციური დაავადებაა. ტუბერკულოზის აქტიური ფორმით დაავადებულ ადამიანს შესაბამისი მკურნალობის არარსებობის შემთხვევაში ყოველწლიურად საშუალოდ 10-15 ადამიანის ინფიცირება შეუძლია.