თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. საქართველოს მთავრობის ამბიციაა, რომ ქვეყანა რეგიონში საავიაციო ჰაბი გახდეს, ამიტომ მას საერთაშორისო კლასის თანამედროვე აეროპორტი ესაჭიროება – ან განახლებული ამჟამინდელი აეროპორტი თბილისში, ან ახალი აეროპორტი ვაზიანში, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში.
პრემიერი პარლამენტში დეპუტატების წინაშე ყოველწლიური ანგარიშით გამოდის. გამოსვლის პარალელურად შენობასთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რომელიც ხელისუფლებას პროდასავლური კურსიდან გადახვევაში ადანაშაულებს.
„მთავრობის გადაწყვეტილებით, განვიხილავთ ახალი აეროპორტის აშენების შესაძლებლობას. ვამუშავებთ ორ ვარიანტს. ერთი ვარიანტი არის არსებული აეროპორტის გაფართოება, თუმცა ამ ვარიანტს აქვს უფრო მეტი მინუსი", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მეორე, ალტერნატიული ვარიანტია ვაზიანის ტერიტორიაზე ახალი აეროპორტის აშენება. პრემიერის თქმით, ეს ვარიანტი დამუშავების პროცესშია.
„საუბარია ვაზიანის ტერიტორიაზე ახალი, თანამედროვე, საერთაშორისო კლასის აეროპორტის აშენებაზე. ახლა მიმდინარეობს მსოფლიოში წამყვანი, საუკეთესო არქიტექტორების და ჯგუფების, კომპანიების შერჩევა და ჩვენ გვინდა, რომ სამუშაოები დავიწყოთ 2024 წელს", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, მანამდე საჭიროა დრო დაპროექტებისთვის. პრემიერი დეპუტატებს დაჰპირდა, რომ ამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მათ მოგვიანებით წარუდგენს.
„ჩვენი ამბიციაა, და ეს განვაცხადეთ უკვე, გავხდეთ რეგიონში საავიაციო ჰაბიც და მოვემსახუროთ არა მხოლოდ პირდაპირ ფრენებს, არამედ ტრანზიტული მგზავრების დიდ ნაკადებსაც", – განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, ამ მიზნების მისაღწევად აუცილებელია გვქონდეს რეგიონში საუკეთესო საერთაშორისო კლასის აეროპორტი, რომელიც იქნება ასევე ტრანზიტულ-ლოგისტიკური ცენტრი მაღალი დონის სამგზავრო და სატვირთო ტერმინალებით.
ამჟამად თბილისთან ახლოს ახალი საერთაშორისო აეროპორტის აშენება შეზღუდულია მთავრობასა და კომპანია TAV Georgia-ს შორის ხელმოწერილი შეთანხმებით, რომელიც თბილისისა და ბათუმის აეროპორტებს მართავს.
შეთანხმების მიხედვით, რომელიც 2027 წლამდე მოქმედებს, ამჟამად აკრძალულია საერთაშორისო რეისების განხორციელება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 200 კმ რადიუსში.
პირველ ტექნიკურ კვლევებს ვაზიანში აეროპორტის განვითარების შესაძლებლობაზე მსოფლიოს საავიაციო ინდუსტრიაში ერთ-ერთი საუკეთესო საკონსულტაციო კომპანია Airport Competence GmbH ჩაატარებს.