თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. საქართველომ აჩვენა, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობებში შეუძლია იყოს ეფექტური შუამავალი და საჭიროების შემთხვევაში მზადაა ამ პროცესში ხელახლა ჩაერთოს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში.
2021 წლის ივნისში საქართველოს შუამავლობით აზერბაიჯანის ხელისუფლებამ სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა, სანაცვლოდ სომხეთმა აზერბაიჯანს დანაღმული ტერიტორიების შესახებ მნიშვნელოვანი რუკები გადასცა. მოგვიანებით პრემიერი ღარიბაშვილი „მშვიდობიანი სამეზობლოს“ ინიციატივით გამოვიდა. მან მეზობელ ქვეყნებს შესთავაზა არაფორმალური დიალოგისთვის რეგიონული პლატფორმის შექმნა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო.
„ორი წლის წინ ვნახეთ პირველი კონკრეტული შედეგები აზერბაიჯანისა და სომხეთის ურთიერთობებში. მაშინ მე პირადად ვიყავი ამაში ჩართული. და ეს შუამავლობა, ფასილიტაცია დასრულდა კონკრეტული შედეგით. ეს იყო, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი სამაგალითო მედიაცია რეგიონში", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ ქვეყანამ მომავალშიც შეასრულოს შუამავლის როლი.
„მინდა ამ ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ საჯაროდ დავადასტურო ჩვენი სრული მზადყოფნა. საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ კიდევ ერთხელ ჩავერთოთ ორ ქვეყანას, ჩვენს მეგობრებს შორის მიმდინარე პროცესში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პარასკევს ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტს საქართველოს მთავრობის მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე ყოველწლიური ანგარიში წარუდგინა.