ხმები გენერალ სუროვიკინის დაპატიმრებაზე: პესკოვმა კომენტარზე უარი თქვა

Sputnik
თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. მიმართეთ თავდაცვის სამინისტროს – ასეთი პასუხი გასცა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს, რომლებმაც მას გენერალ სერგეი სუროვიკინის დაპატიმრების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი სთხოვეს.

„სამწუხაროდ, [კომენტარის გაკეთება] არ შემიძლია. ჩემი რჩევაა, მიმართოთ თავდაცვის სამინისტროს. ეს სამინისტროს პრეროგატივაა“, — უთხრა პესკოვმა მასმედიის წარმომადგენლებს.

დამაზუსტებელ შეკითხვაზე, სად იმყოფება ამ მომენტისთვის გენერალი სუროვიკინი და დასტურდება თუ არა მისი დაპატიმრება, პრეზიდენტის პრეს-მდივანმა განაცხადა, რომ იმას, რაც უკვე თქვა, ვეღარაფერს დაამატებს.
გარდა ამისა, ჟურნალისტებმა პესკოვს დაუსვეს კითხვა, კვლავაც ენდობა თუ არა პრეზიდენტი პუტინი სერგეი სუროვიკინს, რაზეც მან თქვა:
„აქ საუბარია იმაზე, რომ [პუტინი] არის უმაღლესი მთავარსარდალი და მუშაობს თავდაცვის მინისტრთან და გენერალური შტაბის უფროსთან ერთად. რაც შეეხება სამინისტროს სტრუქტურულ დანაყოფებს, გთხოვთ დაუკავშირდეთ სამინისტროს“.
სუროვიკინის დაკავების შესახებ ინფორმაცია 28 ივნისს რუსულ ტელეგრამ-არხებში გამოჩნდა. კერძოდ, ამის შესახებ წერდა სამხედრო კორესპონდენტი ვლადიმირ რომანოვი. გარდა ამისა, გამოცემა The Moscow Times თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებულ ორ წყაროზე დაყრდნობით ასევე წერდა, რომ სუროვიკინი დაკავებულია.
მანამდე The New York Times-მა რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით გამოაქვეყნა სტატია სათაურით „რუსმა გენერალმა დაქირავებულთა შეფის ამბოხების გეგმები იცოდა“. პუბლიკაციის თანახმად, უკრაინაში რუსული არმიის გაერთიანებული დაჯგუფების სარდლის მოადგილემ სერგეი სუროვიკინმა წინდაწინ იცოდა ევგენი პრიგოჟინის გეგმები ამბოხთან დაკავშირებით. მოგვიანებით დმიტრი პესკოვმა კომენტარი გააკეთა ამ ინფორმაციაზე და განაცხადა, რომ გენერალ სუროვიკინის შესახებ პუბლიკაცია სპეკულაციაა.