თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. საქართველო არ ყოფილა და არც იქნება რუსეთის მიერ საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის ადგილი, რაც ევროკავშირის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის სპეციალური წარმომადგენლების ვიზიტის შედეგებმა დაადასტურა, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ.
საერთაშორისო სანქციების საკითხზე სპეცწარმომადგენლების ვიზიტის ფონზე ოპოზიციის ნაწილმა ხელისუფლება რუსეთთან მიმართებით საერთაშორისო სანქციების დარღვევაში დაადანაშაულა. ამის საბაბი გახდა რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის ხელმძღვანელის რუსლან დავიდოვის განცხადება, რომელმაც საკონტროლო-გამშვები პუნქტი "ზემო ლარსის" გამტარუნარიანობის გაზრდას რუსეთის მიმართ ევროპის ქვეყნების ბლოკადის გარღვევა უწოდა.
„პირდაპირ თქვეს ჩვენმა სტუმრებმა, რომ საქართველოს აქვს ძალიან დიდი სამუშაო გაწეული და საქართველოს ხელისუფლებას აქვს შექმნილი ეფექტური სისტემა ტვირთების კონტროლისთვის. მათ პირდაპირ თქვეს, რომ საქართველოს ხელისუფლება ძალიან საიმედოდ აკონტროლებს ვითარებას... დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველო არ ყოფილა სანქციების გვერდის ავლის ადგილი", – განაცხადა თალაკვაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ეთერში.
მისი თქმით, ოპოზიცია შეურაცხყოფას აყენებს პარტნიორებს, როდესაც აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის უმაღლესი თანამდებობების პირებს ეუბნება, რომ სპეცწარმომადგენლები იტყუებიან, როცა ბრიფინგზე აცხადებენ, რომ სინამდვილეში ისინი სხვაგვარად ფიქრობენ.
როგორც კი მაღალი თანამდებობის პირები თბილისში ჩამოვიდნენ, ცხადი გახდა, რომ ოპოზიცია, როგორც მას სჩვევია, პოლიტიკური სკანდალის მოწყობას ეცდება და მოატყუებს საზოგადოებას, აღნიშნა პოლიტიკოსმა.
„მათ მოატყუეს საზოგადოება, თითქოს ხელისუფლებამ დაარღვია სანქციების რეჟიმი და თითქოს აქედან მარაგდება რუსეთის ფედერაცია ტანკებით და სამხედრო თვითმფრინავებით და ამისთვის ჩამოვიდნენო. ერთი დღე არ იყო გასული, როდესაც დღის ბოლოს უკვე გამოჩნდა, რომ სანქციებთან დაკავშირებით იყო საქმიანი შეხვედრა. ევროკავშირმა ახალი სანქციების პაკეტი შეიმუშავა და ყველა პარტნიორ ქვეყანასთან განიხილავს სანქციებთან დაკავშირებულ საკითხებს", – განაცხადა თალაკვაძემ.
უკვე წელიწადზე მეტია, რაც ყოველდღიურად ოპოზიცია და პერიოდულად უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლებას სანქციების გვერდის ავლაში რუსეთის დახმარებაში ადანაშაულებენ. „ქართული ოცნება" კატეგორიულად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებით, და ბრალდებების დამტკიცებას მოითხოვს.