თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. ფრანგულმა კლუბმა „ბორდომ" საქართველოს ფეხბურთის ნაკრების გარემარბ ზურიკო დავითაშვილთან სრულფასოვანი კონტრაქტის გაფორმების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა, რომელიც 2027 წლის ივნისამდე იმოქმედებს.
დავითაშვილი „ბორდოს“ 2022 წლის 2 სექტემბერს ერთწლიანი იჯარის წესით და შემდგომში მისი გამოსყიდვის უფლებით შეუერთდა. ახლა კლუბმა სწორედ ამ პირობით ისარგებლა.
„კლუბი მოხარულია, რომ მომდევნო სეზონებში ზურიკოს ნიჭიერების იმედი გვექნება. ვუსურვებთ მას ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის წარმატებით დასრულებას და მოუთმენლად ველოდებით სეზონისწინა სამზადისზე", – ნათქვამია კლუბის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ზურიკო დავითაშვილი 2001 წლის 15 თებერვალს თბილისში დაიბადა. ვარჯიშობდა თბილისის „დინამოს" აკადემიაში. საქართველოს ჩემპიონატში სადებიუტო მატჩი 2017 წლის სეზონზე 16 წლის ასაკში ჩაატარა (6 მატჩი). თამაშობდა თბილისის „ლოკომოტივში", შემდეგ ყაზანის „რუბინში", ვოლგოგრადის „როტორში" და ტულის „არსენალში".
2022 წლის აპრილში ფეხბურთელი სამშობლოში დაბრუნდა და ბათუმის „დინამოს" შეუერთდა.
დავითაშვილმა „ბორდოს“ შემადგენლობაში 31 მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზეა 6 გოლი და სამი საგოლე გადაცემა.
2018 წელს გაზეთ Guardian-მა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი მსოფლიოს 60 საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელს შორის დაასახელა, 2020 წლის დასაწყისში კი უეფამ ზურიკო დავითაშვილი 50 ახალგაზრდა ტალანტის სიაში შეიყვანა.
დავითაშვილი, რომელსაც საქართველოს ეროვნული ნაკრების 26 მატჩში 4 გოლი და ორი საგოლე გადაცემა აქვს, ამჟამად ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე ქვეყნის ახალგაზრდულ ნაკრების სახელით ასპარეზობს.