თბილისი, 29 ივნისი – Sputnik. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით დაადასტურა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აფერისტია, რომელსაც საქართველოს ინტერესები არ ადარდებს, განუცხადა ჟურნალისტებს პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სარჩელი უკრაინის წინააღმდეგ მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ. სარჩელში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ითხოვდა მისი უფლებების დარღვევის აღიარებას მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევასთან და ქვეყნიდან გაძევებასთან დაკავშირებით.
„სტრასბურგმაც დაგვიდასტურა, რომ სააკაშვილს ზნე არ უცვლია, ის არის ერთი თაღლითი და მავნებელი კაცი, რომელსაც საქართველო და მისი ინტერესები საერთოდ არ ადარდებს“, – განაცხადა ელისაშვილმა.
წელიწად-ნახევარი სააკაშვილი და მისი დამქაშები აწვალებდნენ საქართველოს ტყუილით, თითქოს სააკაშვილი კვდებოდა, დემენცია ჰქონდა, ვერ ლაპარაკობდა და ხელები უკანკალებდა. სააკაშვილი ჩვეულებრივი აფერისტი და სიმულანტია, განაცხადა დეპუტატმა.
„ჩამოვიდა ჯგუფი სტრასბურგიდან, შეისწავლეს და ნახეს, რომ არაფერი არ სჭირს ამ კაცს და მშვენიერ პირობებშია. კიდევ ერთი დასტურია, „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი ლიდერი როგორი მავნებლები არიან ამ ქვეყნის მიმართ. ეს ქვეყანა როგორ ფეხებზე ჰკიდიათ“, – განაცხადა ელისაშვილმა.
ერთადერთი, რაც მათ აინტერესებთ, ეს არის ხელისუფლებაში დაბრუნება და სააკაშვილის გათავისუფლება, საქართველოში კი თუნდაც „ქვა ქვაზე არ დარჩენილა“.
პოლიტიკოსის თქმით, მისთვის ყველაზე შეურაცხმყოფელი იყო, როდესაც სააკაშვილმა, საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, როგორც კი საპრეზიდენტო ვადა ამოეწურა, ქართული პასპორტი გადახია და „დაიწყო აფერისტობა უკრაინაში“.
„ასეთი რაღაც როგორ შეიძლება?! ეს ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეურაცხყოფა“, – განაცხადა ელისაშვილმა.
მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.
სააკაშვილის მოქალაქეობა
2017 წლის ივლისის ბოლოს უკრაინის ექს-პრეზიდენტმა პიოტრ პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა. მოტივი ის იყო, რომ პოლიტიკოსმა უკრაინული პასპორტის მიღებისას დამალა, რომ საქართველოში მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები იყო აღძრული.
მაშინ სააკაშვილი მოქალაქეობის არმქონე პირი გახდა, რადგან საქართველოს მოქალაქეობა მან უკრაინული მოქალაქეობის მიღების გამო 2015 წელს დაკარგა.
2018 წლის თებერვალში სააკაშვილი უკრაინიდან პოლონეთში გააძევეს, რომლის ტერიტორიიდან მან 2017 წლის შემოდგომაზე მესაზღვრეების და სამართალდამცველების კორდონების გარღვევის შემდეგ ისევ უკრაინაში შეაღწია. კიევში დაბრუნება მან ახალი პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ მისთვის მოქალაქეობის დაბრუნების შემდეგ მოახერხა.
2020 წლის მაისში ზელენსკიმ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა.
სააკაშვილის დაკავება და სისხლის სამართლის საქმეები
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავების დღიდან სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენ დროს ის კლინიკებში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ გორის ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისიდან დღემდე ის კლინიკა „ვივამედშია".