რუსთავის ხუთ საწარმოს საქმიანობის უფლება შეუჩერდა

დეპარტამენტმა გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებული დარღვევები გამოავლინა.
Sputnik
თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. საქართველოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა რუსთავის ხუთ საწარმოს საქმიანობის უფლება შეუჩერა, იუწყება Business-partner.
დეპარტამენტის მთავარი მიზანია არა საწარმოების დაჯარიმება, არამედ მოქალაქეებისთვის და ამ ობიექტების თანამშრომლებისთვის სუფთა და ჯანსაღი გარემოს შექმნა, აღნიშნავენ უწყებაში.
სულ დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2020-2022 წლებში ქვეყნის 108 ობიექტი 165-ჯერ შეამოწმეს.
კერძოდ, დეპარტამენტმა ზოგიერთ საწარმოში გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებული დარღვევა გამოავლინა: 27 ობიექტს 35 ადმინისტრაციული მიწერილობა წარედგინა და განესაზღვრა კონკრეტული გამოსასწორებელი ღონისძიებები შესაბამისი ვადებით.
18 საწარმოს მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 22 ოქმი შედგა თვითმონიტორინგის ვალდებულების შეუსრულებლობაზე.
ოთარ შამუგიამ ჰაერის დაბინძურების მთავარი წყაროები დაასახელა>>
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აღნიშნეს, რომ მომავალში წელიწადში, სულ მცირე, 200 ინსპექტირება ჩატარდება
უფრო ადრე მინისტრმა ოთარ შამუგიამ განაცხადა, რომ საქართველოში ჰაერის დაბინძურების მთავარი წყარო ავტოტრანსპორტი და სამრეწველო ზონებში მსხვილი საწარმოებია.
შამუგიამ აღნიშნა, რომ საქართველოში დაახლოებით 50 მსხვილი საწარმოა და სამინისტროში იმედოვნებენ, რომ წლის ბოლოსთვის მათი დიდი ნაწილი სამინისტროს მიაწვდის ინფორმაციას გაფრქვევების მონიტორინგის შესახებ.
სპეციალისტმა საქართველოში ჯანმრთელობისთვის ყველაზე საშიში პროფესიები დაასახელა>>
შამუგიამ ასევე აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ეტაპია სამრეწველო ემისიების შესახებ კანონპროექტი, რომელსაც ახლა პარლამენტი განიხილავს.
საქართველოში მავნე ნივთიერებების ჰაერში გაფრქვევისთვის ჯარიმები 5 ათასი ლარიდან 45 ათას ლარამდე მერყეობს.
თუ მავნე ნივთიერებების დისპერსია ჰაერში დასაშვებ ზღვარს ხუთჯერ გადააჭარბებს, ჯარიმა შეადგენს 5 ათას ლარს, თუ ათჯერ – 15 ათას ლარს, ხოლო თუ ათზე მეტად – 45 ათას ლარს.
დასახელდა თბილისის ყველაზე მეტად დაბინძურებული ადგილი>>
კანონის განმეორებით დარღვევის შემთხვევაში ჯარიმები იზრდება.
ასევე ის კომპანიები, რომელთა საქმიანობამ შეიძლება გამოიწვიოს ჰაერის დაბინძურება, ვალდებული არიან უწყვეტ რეჟიმში თვითმონიტორინგი განახორციელონ. წინააღმდეგ შემთხვევაში ჯარიმა შედგენს 10 ათას ლარს, განმეორების შემთხვევაში – 20 ათას ლარს, ხოლო თუ წლის განმავლობაში მესამე დარღვევა დაფიქსირდა – 40 ათას ლარს.