თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. პარლამენტის დეპუტატებმა ოთხშაბათის სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ წარმოდგენილი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატების დამტკიცებაზე უარი თქვეს.
პრეზიდენტმა 16 ივნისს პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის ორი კანდიდატი წარუდგინა – ლექტორი და ეროვნული ბანკის ჟურნალ „ეკონომიკა და საბანკო საქმის" რედაქტორი გიორგი ბაქრაძე და ეკონომიკისა და ბიზნესის ინსტიტუტის დირექტორი, „ზირაათ ბანკის" საბჭოს წევრი დიმიტრი ჯაფარიძე.
საჭირო ხმების რაოდენობა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო, რადგან მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა უარი განაცხადეს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი კანდიდატების მხარდაჭერაზე.
უარის მიზეზად მათ დაასახელეს ის, რომ პრეზიდენტმა გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო და უმრავლესობასთან კონსულტაციები არ ჰქონია.
პრეზიდენტის საპარლამენტო სპიკერმა გიორგი მსხილაძემ კი განაცხადა, რომ კანონში არ არის გაწერილი ნორმა საბჭოს წევრობის კანდიდატების თაობაზე წინასწარი კონსულტაციების შესახებ.
ამჟამად ეროვნული ბანკის საბჭოში ცხრის ნაცვლად შვიდი წევრია. ამ შვიდი ადამიანიდან ერთი პირველი ვიცე-პრეზიდენტია, სამი ვიცე-პრეზიდენტი და სამი დამოუკიდებელი წევრი.
ეროვნული ბანკის საბჭო არის ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია რეზერვების მართვაზე. საბჭო განსაზღვრავს ეროვნული ბანკის ხარჯებს და პასუხისმგებელია უცხოური ვალუტების მიმართ ეროვნული ვალუტის კურსის ფორმირების წესზე.