თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სანქციების საკითხებში ევროკავშირის, აშშ-ის და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე იმსჯელა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ფინანსურ სანქციებთან დაკავშირებით საქართველოს მუდმივ კოორდინაციაზე ევროკავშირთან და საერთაშორისო თანამეგობრობასთან, იუწყება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.
პრემიერი შეხვდა ევროკავშირის სანქციების განხორციელების საკითხებში საერთაშორისო სპეციალურ წარმომადგენელს დევიდ ო’სალივანს და სანქციების საკითხებში აშშ-ისა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლებს, ელჩ ჯეიმს ო’ბრაიენს და კუმარ იერს.
პრემიერ-მინისტრი მიესალმა ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ვიზიტს საქართველოში და ხაზი გაუსვა მის მნიშვნელობას იმის ფონზე, რომ ქართულმა მხარემ ბრიუსელში გამართული შეხვედრების დროს არაერთხელ გამოხატა სპეციალური წარმომადგენლის ოფისთან მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი.
ხაზი გაესვა სანქციებისთვის თავის არიდების პრევენციის მიზნით საქართველოს შესაბამისი სამსახურების ეფექტურ მუშაობას და ამ მიმართულებით როგორც საქართველო–ევროკავშირის, ასევე აშშ–საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობას.
ასევე აღინიშნა, რომ საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა პოზიტიურად ფასდება საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ.
ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიერ უკრაინის მტკიცე მხარდაჭერაზე პოლიტიკური და ჰუმანიტარული მიმართულებით.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგან ამით მხოლოდ თავად საქართველო დაზარალდება. ამასთან, საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებით, და დღემდე ქვეყნისადმი წაყენებული არცერთი ბრალდება სანქციების გვერდის ავლის შესახებ არ დადასტურებულა.