თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. ევროპარლამენტის ევროპის კონსერვატორთა და რეფორმატორთა ჯგუფი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის სტრატეგიულ კურსს შეინარჩუნებს, განაცხადა საგარეო საქმეთა კოორდინატორმა ანა ფოტიგამ.
როგორც ევროპარლამენტის დეპუტატი ამბობს, ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის მიერ სტოკჰოლმში წარდგენილი შეფასება ადასტურებს, რომ უკრაინა, მოლდოვა და საქართველო სწორ გზაზე დგანან და ევროკავშირი უნდა მოემზადოს მათ მალე მისაღებად.
„ვიმედოვნებთ, რომ სამართლებრივი სისტემების ადაპტაციისა და საჭირო რეფორმების დანერგვის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება სამივე ქვეყანაში, რათა შენარჩუნდეს პოზიტიური შეფასება და გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები წელს დაიწყოს. მივესალმებით უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით“, — განაცხადა ფოტიგამ.
ამასთან, როგორც ევროდეპუტატმა აღნიშნა, საქართველოს მმართველი პარტიის ბევრი განცხადება, გადაწყვეტილება და არჩევანი არ ადასტურებს ევროატლანტიკური მიწრაფებებისადმი მის ერთგულებას.
„სამწუხაროდ, მმართველი პარტიის მხრიდან ბევრი სიტყვა, გადაწყვეტილება და არჩევანი არ ადასტურებს ევროატლანტიკური ხედვისადმი მის ერთგულებას. მხოლოდ ტექნიკურ საკითხებზე ვერ ვფოკუსირდებით. ჩვენ ვცხოვრობთ გამოცდებით სავსე დროში, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს მომავალს“, — აცხადებს ფოტიგა.
ოქტომბერში ევროკომისია ევროპული საბჭოსთვის რეკომენდაციებს მოამზადებს, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას დეკემბერში მიიღებს. სტატუსის მინიჭებას მხარი ერთხმად უნდა დაუჭიროს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერმა.