თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. საქართველოში კლინიკებისთვის ჯარიმები იზრდება, განაცხადა სახელმწიფო პროგრამების რევიზიის კონტროლის სამმართველოს უფროსმა ეკა ბოჭორიშვილმა მედიაცენტრ „მთავარში" გამართულ პრესკონფერენციაზე.
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" კანონში ცვლილებები შედის. ჯარიმების გაზრდასთან ერთად გაფართოვდება სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილებები. სააგენტოს თანამშრომლებს საშუალება ექნებათ, დროულად მოახდინონ რეაგირება პაციენტების საჩივრებზე.
ბოჭორიშვილის თქმით, საკანონმდებლო ცვლილებების მთავარი მიზანია პაციენტის ინტერესების დაცვა, მომსახურების ხარისხისა და უსაფრთხოების კონტროლი.
როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, თუ დაწესებულებას არ ექნება სამედიცინო საქმიანობის შესაბამისი უფლება, 200-500 ლარის ნაცვლად 5 ათასი ლარის გადახდა დაეკისრება, ხოლო ლიცენზიის პირობების შეუსრულებლობისთვის – 15 ათასი ლარი.
სააგენტოს თანამშრომლებს საშუალება ექნებათ სამედიცინო დაწესებულებაში განახორციელონ ვიდეო- და ფოტოგადაღება, დალუქონ ნებისმიერი სამედიცინო დოკუმენტაცია, მოითხოვონ ექიმებისგან განმარტებები და ა.შ.
„ყოველივე ეს ძალზე ეფექტურს გახდის სააგენტოს მუშაობას და, რაც მთავარია, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება პაციენტებისთვის“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო. კანონპროექტი რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილების გაზრდას გულისხმობს.
პროექტი განსაზღვრავს სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას მაკონტროლებლის უფლებამოსილებების გაზრდის შესაძლებლობას. კერძოდ, კანონპროექტით მარეგულირებელს ენიჭება უფლება, რომ მან სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, პირდაპირ განახორციელოს შემოწმება ფარმაცევტულ სექტორში და სამედიცინო დაწესებულებებში, რასაც შეიძლება წინ უსწრებდეს პაციენტის საჩივარი, ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რაც შემოწმების ჩატარების საფუძველს ქმნის.
ცვლილებების მიღების შედეგად გახდება შესაძლებელი ოპერატიული რეაგირება მიმართვებზე, რომლებიც, მათ შორის, სოციალური ქსელების საშუალებით გავრცელდება.