თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოჯანმრთელება და მისი პოლიტიკაში დაბრუნება აჩვენებს, თუ რამხელა მასობრივი დეზინფორმაციული კამპანია მიმდინარეობდა ქვეყნის წინააღმდეგ, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
სააკაშვილი 2022 წლის მაისიდან კლინიკა „ვივამედში" იმყოფება. მან 16 ივნისს სოციალური ქსელის თავის გვერდზე დაწერა, რომ მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა, ქართულ პოლიტიკაში ძალიან აქტიურად ჩართვას აპირებს და პარალელურად მონაწილეობას მიიღებს უკრაინის პოლიტიკაში.
ექს-პრეზიდენტის თქმით, ის ასევე ყველა სასამართლო პროცესზე დასწრებას აპირებს, თუ ამის ფიზიკური შესაძლებლობა ექნება.
ასეთი გადაწყვეტილება სააკაშვილმა მას შემდეგ მიიღო, რაც სტრასბურგის სასამართლომ საქმის „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" განხილვის შემდეგ უარი უთხრა სამკურნალოდ ვარშავაში გადაყვანაზე. მანამდე ექს-პრეზიდენტი უარს ამბობდა სასამართლოსა და პოლიტიკაში მონაწილეობაზე და ამის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებდა, მისი წარმომადგენლები კი აცხადებდნენ, რომ სააკაშვილი სიკვდილის პირასაა.
„დღესდღეობით სააკაშვილის „გამოჯანმრთელებითა" და „დაბრუნებით" გვეძლევა უნიკალური შემთხვევა, რომელიც წარმოაჩენს, თუ რამდენად მასიური და კარგად კოორდინირებულია საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციული მანქანა", – ნათქვამია პაპუაშვილის წერილში.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, სააკაშვილის დაპატიმრებიდან მალევე გაიზარდა სპეკულაციები მისი ჯანმრთელობის თაობაზე. ციხიდან ის კომფორტულ პენიტენციურ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც უზრუნველყოფილი იყო ძალიან კარგი სამედიცინო დახმარებით და „წვდომით არა მხოლოდ ოჯახთან, არამედ პოლიტიკურ ქვეშევრდომებთანაც", აღნიშნა პაპუაშვილმა.
„თავად სააკაშვილი, მისი ოჯახი, რადიკალური ქართველი და უცხოელი მხარდამჭერები, დაქვემდებარებული პოლიტიკური მედია და მასთან აფილირებული არასამთავრობო ორგანიზაციები მუდმივად ამტკიცებდნენ, რომ სააკაშვილი „სიკვდილის პირას" იყო ბევრი უკურნებელი დაავადებით, მათ შორის, დემენციით, კახექსიით, დეპრესიითა და სხვა", – აღნიშნა პაპუაშვილმა.
მან დასძინა, რომ ყველაზე მძიმე ამ ბრალდებებიდან იყო ხელისუფლების დადანაშაულება სააკაშვილის „მოწამვლასთან" დაკავშირებით.
„უცხოეთის რეაქცია მოცულობითი და ხმამაღალი იყო: ევროპელი დიპლომატები დემარშით მივიდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრთან; ევროპის პარლამენტის სამმა რეზოლუციამ მოუწოდა საქართველოს მთავრობას, შეეწყვიტა სააკაშვილისადმი არასათანადო მოპყრობა... უამრავი სტატია დაიბეჭდა უცხოურ პრესაში, ცნობილმა სატელევიზიო კომპანიებმა და გამოცემებმა კი აღნიშნული „პრობლემა" გააშუქეს", – დაწერა პაპუაშვილმა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ქვეყნის შიგნით რადიკალურმა პარტიებმა სააკაშვილის ფრთის ქვეშ მისი ჯანმრთელობა თავიანთი პოლიტიკური დღის წესრიგის თემად აქციეს. იყო სააკაშვილის სოლიდარობის საჩვენებლად ადამიანების დიდი ჯგუფების მობილიზების უამრავი მცდელობა.
„მისმა მხარდამჭერებმა კლინიკიდან სააკაშვილის იძულებითი გამოყვანის გეგმებიც კი დასახეს. თუმცა, ხალხი არც ერთხელ არ მივიდა დემონსტრაციაზე იმიტომ, რომ ქართველებს, ზოგიერთი უცხოელისგან განსხვავებით, უკვე დიდი ხანია სააკაშვილის აღარ სჯერათ", – განაცხადა პაპუაშვილმა.
სააკაშვილის ადვოკატები რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ იმაზე, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მისი გათავისუფლებისთვის მიეღწიათ. მათი განცხადებით, სააკაშვილს აქვს სამი მძიმე დაავადება: დემენცია (ჭკუასუსტობის ერთ-ერთი სახე) დაუზუსტებელი; კახექსია და გამოხატული ატაქტიური სინდრომი, რომელსაც თან ახლავს გონებრივი ფუნქციების მოშლა.
სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს. სტრასბურგის სასამართლომ „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.
პატიმარი სააკაშვილი
სააკაშვილს მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მისი ვადის ათვლა დაკავების დღიდან – 2021 წლის 1 ოქტომბრიდან დაიწყო. თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს, რომელთა განაჩენმაც შეიძლება ექს-პრეზიდენტის პატიმრობის ვადის გაზრდაზე იმოქმედოს.
განაჩენის მიხედვით, სააკაშვილს ეკრძალება რამე სახის სახელმწიფო თანამდებობის დაკავება. გარდა ამისა, კანონის მიხედვით, მას არ შეუძლია სათავეში ჩაუდგეს მის მიერ დაარსებულ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", რადგანაც უკრაინის მოქალაქეა.
ამასთან, ოპოზიციურ პარტიაში არ მალავენ, რომ წინასაარჩევნო კამპანიის და „ნაცმოძრაობის" პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი ფსონი სააკაშვილის თემა იქნება.
უფრო ადრე „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა არ გამორიცხა, რომ სააკაშვილი საქართველოს მთავრობის მეთაურის პოსტზე წარადგინონ. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, სააკაშვილის როლი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში უზარმაზარი იქნება.
ხაბეიშვილის განცხადებაზე კომენტარისას მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში" განაცხადეს, რომ სააკაშვილის შესაძლო პრემიერობას არასერიოზულად უყურებენ.
სააკაშვილის დაბრუნებამ და მისმა დაპატიმრებამ 2021 წელს „ნაცმოძრაობას" მისცა საშუალება, რომ არჩევნებზე ყველაზე მაღალი შედეგები ეჩვენებინა 2012 წლის შემდეგ. ამასთან, ჯერ კიდევ 2023 წლის დასაწყისში ექს-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პოლიტიკიდან მიდის.
დაკავების დღიდან სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენ დროს ის კლინიკებში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ გორის ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისიდან დღემდე ის კლინიკა „ვივამედშია".