ვარჰეი: საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12-დან 3 პირობა შეასრულა

ევროკომისიის ზეპირი მოხსენების თანახმად, ერთ-ერთ პუნქტზე საქართველომ ვერანაირ პროგრესს ვერ მიაღწია.
Sputnik
თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12-დან სამი პირობა შეასრულა, შვიდი მიმართულებით არის გარკვეული პროგრესი, განაცხადა ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ.
ხუთშაბათს ვარჰეიმ წარადგინა ზეპირი ანგარიში იმის შესახებ, თუ რა სამუშაო შეასრულეს საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ ევროინტეგრაციის გზაზე. 2022 წლის ივნისში საქართველომ, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, მიიღო არა კანდიდატის სტატუსი, არამედ ევროპული პერსპექტივა.

„სამი მათგანი (ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან) არის შესრულებული: პირველი, ეს არის გენდერული თანასწორობა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა; მეორე არის ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინება; მესამე არის სახალხო დამცველის დანიშვნა გამჭვირვალე პროცესით“, – განაცხადა ვარჰეიმ.

მისი თქმით, კიდევ შვიდი რეკომენდაციის შესრულების მხრივ კი საქართველომ გარკვეულ პროგრესს მიაღწია. ეს სფეროებია; პოლიტიკური პოლარიზაციის მოგვარება, სახელმწიფო ინსტიტუტების სრულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა და საარჩევნო ჩარჩოს შემდგომი გაუმჯობესება, გამჭვირვალე და ეფექტური სასამართლო რეფორმის სტრატეგიის მიღება და განხორციელება, ანტიკორუფციული სტრატეგიის გაძლიერება, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება, მოწყვლადი ჯგუფების უფლებათა დაცვა და გაძლიერება, გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართვის უზრუნველყოფა.
რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას, საქართველომ მიაღწია შეზღუდულ პროგრესს, აღნიშნა მან.

„ამ მიმართულებით ვენეციის კომისიამ ბოლო დასკვნაში თქვა, რომ კანონპროექტი არ უნდა მიღებულიყო ამ ფორმით და ამასთან დაკავშირებით მინდა მივესალმო რამდენიმე დღის წინ მმართველი პარტიის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ეს კანონპროექტი მიღებული არ იქნება“, – განაცხადა ვარჰეიმ.

„ქართულმა ოცნებამ" „დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონის მიღება გადაიფიქრა >>
მისი თქმით, ახლა საქართველო უნდა ფოკუსირდეს სისტემური მიდგომის ჩამოყალიბებაზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით, მათ შორის კონკურენციის პოლიტიკისა და პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წესების გაძლიერებით.
ევროკომისიის ზეპირი მოხსენების თანახმად, საქართველომ ვერ მიაღწია პროგრესს „მედია პლურალიზმის და მედია მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების“ მიმართულებით.
„საქართველომ ამ ნაბიჯის შესრულებაში წარმატებას ვერ მიაღწია. საქართველოს სჭირდება შესწორებები კანონში მაუწყებლობის შესახებ ევროპული საბჭოს რეკომენდაციების გათვალისწინებით, უნდა უზრუნველყოს ჟურნალისტების უსაფრთხოება და ასევე აამაღლოს ჟურნალისტებისა და მედიამფლობელების თავისუფლების დაცვა“, – განაცხადა ვარჰეიმ.
ოქტომბერში ევროკომისია ევროპული საბჭოსთვის რეკომენდაციებს მოამზადებს, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას დეკემბერში მიიღებს. სტატუსის მინიჭებას მხარი ერთხმად უნდა დაუჭიროს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერმა.