თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. ევროპაში ყველაზე მაღალტირაჟიანმა გაზეთმა, გერმანულმა Bild-მა ხარჯების 100 მილიონი ევროთი შემცირება გადაწყვიტა, რისთვისაც რედაქციის ორასამდე თანამშრომელს ხელოვნური ინტელექტი (AI) ჩაანაცვლებს, იუწყება The Guardian.
გავრცელებული ინფორმაციით, Bild დაემშვიდობება ისეთ თანამშრომლებს, რომელთა ფუნქციასაც ციფრულ სამყაროში ხელოვნური ინტელექტი ან ავტომატიზებული პროცესი ართმევს თავს. კერძოდ, საუბარია ზოგ რედაქტორზე, ფოტორედაქტორებსა და კორექტორებზე.
მანამდე Bild-ის გამომცემელი მედიაჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა მათიას დოპფნერმა განაცხადა, რომ გამომცემლობა „წმინდა ციფრული მედიაკომპანია“ უნდა გახდეს. მისი მტკიცებით, ისეთ ნეირონულ ქსელს, როგორიცაა ChatGPT, შეუძლია „იმაზე უკეთესი გახადოს დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა, ვიდრე ოდესმე ყოფილა, ან შეცვალოს იგი“.
როგორც დოპფნერი ამბობს, ხელოვნური ინტელექტი მალე ცოცხალ ჟურნალისტებზე უკეთ შეკრებს და დაამუშავებს ინფორმაციას; ამიტომ „გადარჩებიან მხოლოდ ის გამომცემლები, რომლებიც უკეთეს ორიგინალურ კონტენტს შექმნიან, მაგალითად, იმუშავებენ ჟურნალისტურ გამოძიებაზე.
აღინიშნება, რომ მანამდე ხელოვნურ ინტელექტზე გადასვლაზე განცხადება გააკეთა BuzzFeed-მა. გამოცემა AI-ს კონტენტის გასაუმჯობესებლად და ონლაინ გამოკითხვებისთვის გამოიყენებს.
გარდა ამისა ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესაძლებლობას ასევე სწავლობენ ბრიტანული Daily Mirror და Daily Express.
როგორც ცნობილია, ხელოვნური ინტელექტის ისეთ ინსტრუმენტებს, როგორიცაა ChatGPT, მარტივად შეუძლია ძალიან რთული ტექსტის შექმნა — დაწყებული სამსახურში მიღებაზე განცხადებებით, დასრულებული პოემებითა და რომანებით. თუმცა არ არის გამორიცხული, რომ მისი პასუხები არაზუსტი, ან გაყალბებულიც კი იყოს.
ამის დასტურია საიტ Cnet-ის შემთხვევა, რომელიც ასევე იყენებდა ხელოვნურ ინტელექტს სტატიების შესაქმენლად. ამ სტატიებს შემდეგ ადამიანი-რედაქტორები ამოწმებდნენ. მიმდინარე წლის იანვარში Cnet-მა აღიარა, რომ რედაქტორებს AI-ს მიერ დაწერილი სტატიების ნახევარზე მეტის ჩასწორება მოუხდათ.
წყარო: The Guardian