15 მაისიდან მერიის აპლიკაციის მეშვეობით ვანდალიზმის 3 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა

აპლიკაციაში ორი გრაფაა, რომელთა მეშვეობითაც მომხმარებელს შეუძლია თვალყური ადევნოს, თუ რამდენი მოთხოვნა აქვს უკვე გაგზავნილი მერიაში და მათგან რამდენი საკითხი გადაიჭრა.
Sputnik
თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. თბილისის მერიამ აპლიკაცია FIX Tbilisi-ს მეშვეობით, რომლითაც მოქალაქეებს შეუძლიათ მუნიციპალიტეტის ხელისუფლებას დაზიანებული ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ, 3.386 შეტყობინება მიიღო, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
აპლიკაცია 16 მაისს ამოქმედდა. იგი აერთიანებს პრობლემების ოთხ კატეგორიას: საგზაო ინფრასტრუქტურის დაზიანება, ხე-მცენარეების, გარე განათებისა და საპარკო ინფრასტრუქტურის დაზიანება. აპლიკაციის გადმოწერა google play store-დან ან app store-დან არის შესაძლებელი.
3.386 საკითხიდან 1.880 საგზაო ინფრასტრუქტურას ეხება, 272 – გარე განათების დაზიანებას, 282 – მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ხემცენარეების დაზიანებას, 952 კი – საპარკო ინფრასტრუქტურის დაზიანებას.
თბილისის მერიის აპლიკაცია Fix Tbilisi ამოქმედდა>>
მერიის ცნობით, უკვე დასრულებულია 621 საკითხზე მუშაობა, ხოლო 584 გაუქმებული საკითხია, რომელიც არ შეესაბამებოდა არცერთ კატეგორიას (მაგ., პარკირების წესების დარღვევა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ავარიული კორპუსები, სამშენებლო ნარჩენების და დანაგვიანების საკითხები).
„მინდა მოქალაქეებს ვთხოვო, აპლიკაციაში დააფიქსირონ მხოლოდ ის საკითხი, რომელიც შეესაბამება აპლიკაციაში არსებულ რომელიმე კატეგორიას, სხვა საკითხის არსებობის შემთხვევებში კი მიმართონ ცხელ ხაზს", – განაცხადა კალაძემ.
მისი ინფორმაციით, ამ მომენტისთვის, „დაყოვნებულის" სტატუსი აქვს 529 საკითხს.
პარლამენტმა ვანდალიზმისთვის ჯარიმები დაამტკიცა>>
„ასევე სისტემაში მოქალაქეებმა შესაძლოა ნახონ, რომ მათ მიერ დაფიქსირებულ საკითხს მინიჭებული აქვს სტატუსი „დაყოვნებული", რაც იმას ნიშნავს, რომ დროებით ვერ ხერხდება დაფიქსირებული საკითხის მოგვარება. მაგალითად, თუ ბიუჯეტით მომდევნო კვარტალშია დაგეგმილი კონკრეტული ტერიტორიის რეაბილიტაცია ან საჭიროა ტენდერის გამოცხადება", – განმარტა თბილისის მერმა.
აქამდე მოქალაქეები ქალაქში ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის „ცხელი ხაზის", გამგეობების ან სოციალური ქსელების მეშვეობით ავრცელებდნენ.