აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი: რეგიონში ვიზიტების მზარდი დინამიკაა

ზაფხულის ტურისტული სეზონი აჭარაში 3-4 ივნისს ოფიციალურად გაიხსნა. წელს რეგიონში 4 მილიონზე მეტ სტუმარს ელოდებიან.
Sputnik
თბილისი, 21 ივნისი – Sputnik. საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა აჭარაში 2023 წლის პირველ კვარტალში ორჯერ გაიზარდა 2022 წლის იანვარ-მარტთან შედარებით და 333,8 ათასი შეადგინა; 2019 წელთან შედარებით ზრდამ 33% შეადგინა, განაცხადა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უფროსმა თინათინ ზოიძემ.
ზოიძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში დეპარტამენტის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. მან რეგიონის პოპულარიზაციის, ტურისტული პროდუქტების განვითარებისა და სერვისების გაუმჯობესების მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.
ზოიძის თქმით, 2023 წელი რეგიონში წარმატებით და მზარდი სტატისტიკით გამოირჩევა. ბათუმის აეროპორტში ასევე გაიზარდა როგორც მიმართულებების და საერთაშორისო ვიზიტების, ასევე ფრენების რაოდენობა.
2023 წლის ხუთი თვის მონაცემით, განხორციელდა 711 საერთაშორისო ფრენა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 1,14%-ით (2022 წლის იანვარ-მაისში – 703 რეისი), ხოლო 2019 წლის მონაცემთან (598 ფრენა) შედარებით გაზრდილია 19%-ით.
არსებული მონაცემებით, ივნისში დაგეგმილი საერთაშორისო მიმართულებებით ფრენების რაოდენობა შეადგენს 360 სიხშირეს 12 ქვეყნის მიმართულებით, რაც გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 42%-ით.
როგორც ზოიძემ განაცხადა, 2023 წელს ბათუმი არაერთი საერთაშორისო ღონისძიების მასპინძელი ქალაქია, რაც პოზიტიურად აისახება რეგიონში ტურისტების რაოდენობის ზრდასა და ბათუმის დადებითი იმიჯის პოზიციონირებაზე.
ზაფხულის ტურისტული სეზონი აჭარაში 3-4 ივნისს ოფიციალურად გაიხსნა. წელს რეგიონში 4 მილიონზე მეტ ვიზიტორს ელოდებიან.
ტურისტულ სიახლეებს შორის, რომლითაც აჭარა ზაფხულის სეზონს ხვდება, არის ზიპლაინი ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, კანიონები კაპნისთავში და უჩხოში, სამთო-საველოსიპედე ბილიკი ქედა-შუახევში, ტურისტული ბანაკები და საპიკნიკე ინფრასტრუქტურა ჯვარიმინდორში, ჩირუხსა და კაპნისთავში.
გარდა ამისა, გაჩნდა 25 მარკირებული ტურისტული მარშრუტი.