ღარიბაშვილი: საქართველომ კიბერუსაფრთხოების სფეროში მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია

პრემიერმა დასძინა, რომ კიბერუსაფრთხოების მნიშვნელობა მომავალ წლებში კიდევ უფრო გაიზრდება.
Sputnik
თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. საქართველო წარმატებით თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან კიბერუსაფრთხოების სფეროში და ამ მიმართულებით მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
21 ივნისს საქართველოს მთავრობის მეთაური „საქართველოს კიბერუსაფრთხოების ფორუმი 2023“-ის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა. პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ფორუმი ხელს შეუწყობს კიბერუსაფრთხოების საკითხების პროფესიონალურ და საფუძვლიან განხილვას.

„ჩვენმა ქვეყანამ კიბერუსაფრთხოების მიმართულებით მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია. ჩვენ გვაქვს შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა და კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია, რომლის აღსრულებაში ჩართული არიან სამთავრობო უწყებები და საერთაშორისო პარტნიორები", – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ქვეყანაში ფუნქციონირებენ უწყებები, რომლებიც აღჭურვილი არიან მკაფიოდ დელეგირებული უფლებამოსილებებით და დაკომპლექტებული კვალიფიციური კადრებით, რომელთა შესაძლებლობების გასაძლიერებლად მთავრობა მუდმივად მუშაობს, აღნიშნა პრემიერმა.
პრემიერმა კიბერუსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრა>>>
ღარიბაშვილის თქმით, კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით ქვეყანა წარმატებით თანამშრომლობს სტრატეგიულ პარტნიორებთან – აშშ-თან, დიდ ბრიტანეთთან, ასევე ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყნებთან.
„ჩვენს ქვეყანაში კიბერუსაფრთხოების სფეროში ასევე ვითარდება საგანმანათლებლო-კვლევითი მიმართულებაც, რათა ჩვენმა ქვეყანამ ფეხი აუწყოს მოწინავე ტექნოლოგიურ ცვლილებებს", – განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, ციფრული ტრანსფორმაციის და ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებით სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ერთიანი ძალისხმევა ქვეყნის უკეთესი, უფრო უსაფრთხო მომავლის საწინდარია.

„და მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესის ნაწილი, რომელიც, როგორც ჩვენ გავარკვიეთ, არის კიბერუსაფრთხოების განმტკიცება, თანამედროვე ციფრული საზოგადოების და სისტემების მდგრადობას უზრუნველყოფს", – განაცხადა ღარიბაშვილმა.

როგორც პრემიერმა დასძინა, კიბერუსაფრთხოების მნიშვნელობა მომავალ წლებში კიდევ უფრო გაიზრდება.
„ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს არის 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა და, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან კიდევ უფრო გაიზრდება ძალისხმევა და ყურადღება", – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს ამ საკითხზე მსჯელობის სხვადასხვა ფორმატები. ღარიბაშვილმა ღონისძიების ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და მთავრობის სახელით თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაადასტურა.