ვაკის პარკის ტრაგედია - კალაძე თავის მოადგილეებს გამოექომაგა

13 წლის მოზარდის დაღუპვის საქმეზე ბრალდებულია ცხრა ადამიანი, მათ შორის, თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი.
Sputnik
თბილისი, 20 ივნისი – Sputnik. თბილისის მერიის ნებისმიერი თანამშრომელი მზადაა უპასუხოს გამოძიებას ყველა კითხვაზე ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე, როდესაც დენის დარტყმის შედეგად შადრევანში 13 წლის მარიტა მეფარიშვილი დაიღუპა, მაგრამ ისინი შოუში მონაწილეობას არ მიიღებენ, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის მერმა კახა კალაძემ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციამ თბილისის საკრებულოს სხდომაზე დაიბარა მერის მოადგილეები, რათა მათ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის თაობაზე კითხვებზე ეპასუხათ. არცერთი მათგანი სხდომაზე არ გამოცხადებულა.

„სწორი უქნიათ, თუ არ მივიდნენ, მივესალმები ამ გადაწყვეტილებას. ამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და გამოძიების ფარგლებში თუ რაიმე კითხვა არსებობს, პასუხი გაეცემა“, – განაცხადა კალაძემ.

იმ ადამიანებს, რომლებიც ამ საკითხით მანიპულირებას ცდილობენ, საერთოდ არ აინტერესებთ ადამიანების ბედი და ჯანმრთელობა, მათი მთავარი მიზანია შოუს დადგმა, განაცხადა მერმა.
„მიმდინარეობს გამოძიება, თუ საჭირო გახდება, რომ ვინმე დაიკითხოს და ვინმემ კითხვებზე პასუხი გასცეს, ამისთვის ჩვენი ნებისმიერი თანამშრომელი მზადაა. ამ უნიჭო შოუებში მონაწილეობას კი თბილისის მერია არ აპირებს“, – განაცხადა კალაძემ.
ვაკის პარკში ტრაგედია 2022 წლის 13 ოქტომბერს მოხდა. სამ ბავშვს დენმა დაარტყა, როდესაც ისინი შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩავიდნენ. მოხერხდა მხოლოდ ორის გადარჩენა, ხოლო 13 წლის გოგონა დაიღუპა. საქმეზე ბრალდებულია ცხრა ადამიანი, მათ შორის, თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი გიგი გიგაშვილი, მისი მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი და კომპანია „გრინსერვის პლუსის“ დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე.
გამოძიების ვერსიით, „გრინსერვის პლუსის“ დირექტორმა მერიის საქალაქო სამსახურში წარადგინა ყალბი პროექტი, რომელიც ელექტრომოწყობილობის დამონტაჟებისას უსაფრთხოების ტექნიკის წესებს არ შეესაბამებოდა. შედეგად „გრინსერვისმა“ შეასრულა სამუშაო, რომელიც ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უსაფრთხოების მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა.
კახა კალაძე ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე: ამ ტრაგედიამ გამანადგურა >>
კერძოდ, შადრევნის შიდა აუზში დამონტაჟდა 220 ვოლტიანი მართვის მოწყობილობა, ხოლო სადენები არ იყო ჩადებული სათანადო დაცვის მქონე მილებში. ამასთან, არ იყო რელე, რომელიც ელექტროენერგიის გაჟონვის შემთხვევაში ავტომატურად გამორთავდა კვებას. ასევე არ იყო დამიწებული ტუმბოს დამცავი ხუფი.
გამოძიების მონაცემებით, მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველი პროექტი არ შეესაბამებოდა უსაფრთხოების ნორმებს, მის მიხედვით ტუმბოები უნდა განთავსებულიყო შადრევნის აუზის გარეთ და ამ შემთხვევაში ტუმბოების ძრავების სადენებიდან ელექტროენერგია არ გაჟონავდა. მეორე პროექტში ტუმბოები აუზში იყო გადატანილი.