თბილისი, 20 ივნისი – Sputnik. აჭარაში ზღვის წყლის ხარისხი გაუმჯობესებულია და სრულ თანხვედრაშია დასაშვებ ნორმებთან. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
უწყების პრეს-სამსახურის ცნობით, ზღვის წყლის ხარისხობრივ მაჩვენებლებზე მონიტორინგი სარფი–ჩოლოქის მონაკვეთზე 7 წერტილში ჩატარდა: ბათუმის ცენტრალური პლაჟი, აკვაპარკის მიმდებარე ტერიტორია, კვარიათი, სარფი, ქობულეთის ცენტრალური პლაჟი, ბობოყვათის მიმდებარე ტერიტორია და მწვანე კონცხი.
ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების მიხედვით, ზღვის წყლის ხარისხი მთელ პერიმეტრზე, შვიდივე წერტილში დასაშვები ნორმის ფარგლებშია და გასული წლის მაჩვენებლებთან შედარებით გაუმჯობესებულია.
უწყების ინფორმაციით, მიმდინარე წელსაც ყველაზე უკეთესი მაჩვენებლები დაფიქსირდა სარფი–კვარიათისა და მახინჯაური–მწვანე კონცხის ტერიტორიებზე, დადებითი მაჩვენებლებია სხვა დანარჩენ წერტილებშიც.
კვლევები ტარდება რამდენიმე მაჩვენებელზე: ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები, ლაქტოზა დადებითი ნაწლავის ჩხირები, ენტეროკოკი, კოლიფაგები, სალმონელას ბაქტერიები.
სინჯებს მცურავი საშუალების გამოყენებით ნაპირიდან 50 მეტრის რადიუსში იღებენ.
აჭარის რეგიონში მოწყობილია და ფუქციონირებს ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და მასშტაბური ადლიის გამწმენდი ნაგებობა, სადაც შავ ზღვაში ჩამდინარე წყლები იწმინდება ქვიშის, ცხიმისა და ნარჩენებისგან. გაწმენდილი წყალი ზღვაში სატუმბი სადგურის მეშვეობით 40 მეტრ სიღრმეზე ჩაედინება.
აჭარაში ზღვის ტურისტული სეზონი ოფიციალურად 3-4 ივნისს ტრადიციული ზაფხულის ფესტივალით გაიხსნა.