„პანიკის საფუძველი არ გვაქვს“ - ეკოლოგი შავი ზღვის სანაპიროზე არსებულ სიტუაციაზე

საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე წყლის ხარისხის მაჩვენებლები გასული წლის მაჩვენებლებთან შედარებით გაუმჯობესებულია.
Sputnik
თბილისი, 20 ივნისი – Sputnik. სპეციალისტებს აჭარაში, შავი ზღვის სანაპიროზე ცურვისა და დასვენებისთვის არანაირი საფრთხე არ გამოუვლენიათ და, შესაბამისად, პანიკის საფუძველი არ გვაქვს, განაცხადა მწვანეთა მოძრაობა „დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარემ, ეკოლოგმა ნინო ჩხობაძემ.
აჭარაში ზღვის წყლის ბაქტერიოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ის სრულ თანხვედრაშია დასაშვებ ნორმებთან. წყლის უსაფრთხოების საკითხი შავ ზღვაში აქტუალური კახოვკის ჰესის აფეთქების შემდეგ გახდა.

„ჩვენ ვერანაირ საფრთხეს ვერ ვაფიქსირებთ შავ ზღვაზე, დაწყნარდნენ, პანიკის საფუძველი არ გვაქვს. ჩვენ თვითონ არ უნდა გადავყაროთ მდინარეებში არაფერი, რომ ეს არ აღმოჩნდეს მერე შავი ზღვის სანაპიროებზე“, – განაცხადა ჩხობაძემ.

კვლევები მუდმივად ტარდება რამდენიმე მაჩვენებელზე: ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები, ლაქტოზა დადებითი ნაწლავის ჩხირები, ენტეროკოკი, კოლიფაგები, სალმონელას ბაქტერიები.
ზღვის წყლის ხარისხობრივ მაჩვენებლებზე მონიტორინგი სარფი–ჩოლოქის მონაკვეთზე 7 წერტილში ჩატარდა: ბათუმის ცენტრალური პლაჟი, აკვაპარკის მიმდებარე ტერიტორია, კვარიათი, სარფი, ქობულეთის ცენტრალური პლაჟი, ბობოყვათის მიმდებარე ტერიტორია და მწვანე კონცხი.
სად არის ყველაზე სუფთა წყალი შავი ზღვის სანაპიროზე>>
სინჯებს მცურავი საშუალების გამოყენებით ნაპირიდან 50 მეტრის რადიუსში იღებენ.
ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების მიხედვით, ზღვის წყლის ხარისხი მთელ პერიმეტრზე შვიდივე წერტილში დასაშვები ნორმის ფარგლებშია და გასული წლის მაჩვენებლებთან შედარებით გაუმჯობესებულია.
ყველაზე უკეთესი მაჩვენებლები დაფიქსირდა სარფი–კვარიათისა და მახინჯაური–მწვანე კონცხის ტერიტორიებზე, დადებითი მაჩვენებლებია სხვა დანარჩენ წერტილებშიც.