თბილისი, 20 ივნისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ხელი მოაწერა კანონპროექტს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“, რომელიც ეროვნული ბანკის საბჭოში სტრუქტურულ ცვლილებებს ითვალისწინებს.
გასულ კვირაში საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტო გადალახა და კანონში ცვლილებები მიიღო. ვეტოს გადალახვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პრეზიდენტმა პარლამენტს საბჭოს წევრობის კანდიდატები არ წარუდგინა.
„დღეს ხელი მოვაწერე ცვლილებას, რომელიც ეხება ეროვნულ ბანკში პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის შემოღებას. პრეზიდენტმა ამ კანონთან დაკავშირებით მიმდინარე წლის 23 თებერვალს გამოიყენა ვეტო. კანონპროექტთან დაკავშირებული მსჯელობიდან საზოგადოებისთვის ცნობილია, თუ რა პრობლემის აღმოფხვრას ემსახურებოდა არსებული კანონი“, – ნათქვამია პაპუაშვილის განცხადებაში.
საკამათო ცვლილებები ითვალისწინებს ეროვნული ბანკის საბჭოში აღმასრულებელ პირთა რაოდენობის დროებით გაზრდას 4-დან 5 ადამიანამდე (პრეზიდენტი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი და სამი ვიცე-პრეზიდენტი) მხოლოდ 2023 წლის დეკემბრამდე, ანუ ერთ-ერთი მოქმედი ვიცე-პრეზიდენტის უფლებამოსილების ამოწურვის ვადამდე.
როგორც პაპუაშვილმა განმარტა, შესწორებების მიღებამდე ეროვნულ ბანკს სამი ვიცე-პრეზიდენტი ჰყავდა, ამასთან, კანონი არანაირ წესს არ ადგენდა იმასთან დაკავშირებით, თუ რომელს უნდა შეესრულებინა პრეზიდენტის მოვალეობები მისი არყოფნის პერიოდში, ან რომელი პროცედურით უნდა დაკისრებოდა ვიცე-პრეზიდენტს პრეზიდენტის მოვალეობების შესრულება.
როგორც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ აღნიშნა, ამ საკითხის მნიშვნელობა დადასტურდა მას შემდეგაც, რაც მიმდინარე წლის 2 მარტს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს ამოეწურა უფლებამოსილებების ვადა და კანონის რეგულაციის არარსებობის პირობებში ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტს პრეზიდენტის უფლებამოსილება დაეკისრა არა კანონის, არამედ შიდა რეგულაციის საფუძველზე.
პაპუაშვილის თქმით, ეს მდგომარეობა დღემდე გრძელდება.
გვენეტაძის უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობებს რეგულატორის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი ასრულებს – ეროვნული ბანკის საბჭოს ყველაზე ძველი წევრი, რომელიც იქ პირველად ჯერ კიდევ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს მოხვდა.
„ეროვნული ბანკის მნიშვნელობიდან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის როლიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ საჭიროა ამ ბუნდოვანების აღმოფხვრა, ასეთი ფუძემდებლური საკითხის არა შიდა რეგულაციებისთვის მინდობის, არამედ საკანონმდებლო რეგულაციის გზით“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
შესაბამისად, პარლამენტი, როგორც ხალხის წინაშე სახელმწიფო ორგანოების სათანადო ფუნქციონირებისთვის საჭირო საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნაზე პასუხისმგებელი ორგანო, ვალდებულია იმოქმედოს და აღმოფხვრას არსებული ბუნდოვანება, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
„სწორედ ამ პასუხისმგებლობით იყო ნაკარნახევი შესაბამისი ცვლილების ინიცირებაც და პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა“, – დასძინა პაპუაშვილმა.
ცვლილების შედეგად, ეროვნულ ბანკში იქმნება პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა, რომელსაც დანიშნავს და გაათავისუფლებს თავად ეროვნული ბანკის საბჭო, აღნიშნა მან.
„ამგვარად, სამომავლოდ აღმოიფხვრება ყოველგვარი ბუნდოვანება იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ შეასრულებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას მისი არყოფნის, ან უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში“, – ნათქვამია პაპუაშვილის განცხადებაში.
სკანდალი ვეტოს ირგვლივ
მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ სამი თვის შემდეგ, რაც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტოს დადება გადაწყვიტა, განაცხადა, რომ ვეტოს დაძლევას აპირებს, რადგან პრეზიდენტმა შეთანხმება დაარღვია და პარლამენტს კანდიდატები არ წარუდგინა.
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, პრეზიდენტთან არსებობდა შეთანხმება, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატად მას ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი უნდა წარედგინა, თუმცა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კანდიდატებს 2023 წლის დეკემბერში წარადგენდა.
დეკემბერში იწურება არჩილ მესტვირიშვილისა და რობერტ სინგეტარის უფლებამოსილება და, ამგვარად, თუ ეროვნული ბანკის საბჭო ახალ წევრებს არ დაამტკიცებს, კრიტიკულ რაოდენობამდე – ხუთ კაცამდე შემცირდება. ესაა წევრთა მინიმალური რაოდენობა, რომლის დროსაც საბჭოს გადაწყვეტილებების მიღების უფლება არა აქვს.
ამავე დროს, 16 ივნისს პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების პოსტზე ორი კანდიდატი წარუდგინა – ლექტორი და ეროვნული ბანკის ჟურნალ „ეკონომიკა და საბანკო საქმის“ რედაქტორი გიორგი ბაქრაძე და ეკონომიკისა და ბიზნესის ინსტიტუტის დირექტორი, „ზირაათ ბანკის“ საბჭოს წევრი დიმიტრი ჯაფარიძე. კანდიდატებს შორის საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი არ აღმოჩნდა.
მმართველ პარტიაში განაცხადეს, რომ ამ კანდიდატებს მხარს არ დაუჭერენ, რადგან ისინი პრეზიდენტმა წინასწარი კონსულტაციების გარეშე წარმოადგინა.
ეროვნული ბანკის საბჭო არის ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია რეზერვების მართვაზე. საბჭო განსაზღვრავს ეროვნული ბანკის ხარჯებს და პასუხისმგებელია უცხოური ვალუტების მიმართ ეროვნული ვალუტის კურსის ფორმირების წესზე.