თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დააკისრა 2019 წლის 21 ივნისის ღამეს თბილისში აქციის დარბევისას დაზარალებულისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება და სიცოცხლის ბოლომდე ყოველთვიურად თანხის გადახდა, აღნიშნულია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" მიერ (საია) გავრცელებულ განცხადებაში.
ოთხი წლის წინ პარლამენტის შენობის წინ გამართული ანტირუსული აქცია ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა და დემონსტრანტების დარბევით დასრულდა. შეტაკების შედეგად 240 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 80 პოლიციელი. საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება მიიქციეს მაკო გომურმა, რომელმაც თვალი დაკარგა და ზაზა ბერიაშვილმა, რომელმაც სახეში რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად მხედველობა დაკარგა.
სასამართლოში ერთ-ერთი დაზარალებულის ინტერესებს, რომლის სახელი და გვარი არ საჯაროვდება, საია იცავდა. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის დასკვნაშია აღნიშნული, მოსარჩელე, რომელიც აქციაზე მშვიდობიანად გამოხატავდა პროტესტს, აქციის დარბევისას შეეცადა ცრემლსადენი აირის გარემოცვაში მყოფი მონაწილის დახმარებას, რა დროსაც მას რეზინის ტყვია მოხვდა თვალ-წარბის არეში.
მხედველობის დაკარგვის გამო მოსარჩელეს ჩაუტარდა რამდენიმე სამედიცინო პროცედურა. საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნებით დადგინდა, რომ მოსარჩელისთვის მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანება მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო.
სამართალდამცველების მხრიდან ძალადობით და იარაღით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე მოსარჩელეს სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი.
თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმის თითქმის 2,5-წლიანი განხილვის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს – შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისრა მისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება 30 ათასი ლარის ოდენობით.
გარდა ამისა, შრომისუნარიანობის შემცირების გამო შსს-ს დაეკისრა ყოველთვიურად 1.155 ლარის გადახდა 2019 წლის 21 ივნისიდან სიცოცხლის ბოლომდე. გადაწყვეტილება ამ დროისათვის ძალაში შესული არ არის.
„ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, რომ, ერთი მხრივ, დადგინდა სახელმწიფოს მიერ მოსარჩელესთან მიმართებით უკანონო და არაპროპორციული ძალის გამოყენების ფაქტი. ამასთან, ქართულ სასამართლო პრაქტიკაში არაა ხშირი ამ მოცულობით მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევები", – ნათქვამია საიას განცხადებაში.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში" იმედს გამოთქვამენ, რომ მოსარჩელის მდგომარეობისა და საქმის შინაარსის გათვალისწინებით, სასამართლოში დროულად დასრულდება საქმის წარმოება და მოსარჩელე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, უახლოს მომავალში შეძლებს გადაწყვეტილების აღსრულებას.
საიას დახმარებით 15-მდე პირმა უკვე მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის სარჩოს დაკისრებისა და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. მოსარჩელეთა შორის არიან ჟურნალისტები, რომლებმაც დაზიანებები მიიღეს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, ასევე შემთხვევითი გამვლელები და აქციის მონაწილეები.
საიამ მოსარჩელეთა სახელით ასევე მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. ევროპულმა სასამართლომ საქმეების არსებითი განხილვა 2021 წლის 7 ივნისს დაიწყო. გაგზავნილი საჩივრები ჯამში 22 პირის საქმეს აერთიანებს, რომლებიც 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაზარალდნენ.