საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა

ორივე ინსტანციის სასამართლომ გვარამია დამნაშავედ ცნო საქმის ორ ეპიზოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.
Sputnik
თბილისი, 19 ივნისი – Sputnik. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმეზე, რომელსაც სამი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
საუბარია ტელეკომპანია „რუსთავი2“-სთვის 6,8 მილიონი ლარის ზარალის მიყენებაზე მაშინ, როდესაც მისი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია იყო. 2022 წლის 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ გვარამია დამნაშავედ ცნო. დაცვის მხარემ განაჩენი გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში, რომელმაც პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
ახლა ადვოკატებმა საჩივარი შეიტანეს უზენაეს სასამართლოში, რომელმაც გვარამიას საქმეზე სააპელაციოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და საჩივარი დაუშვებლად ცნო.
„პრინციპულად მიუღებელია": კობახიძე გვარამიას შეწყალებაზე >>
ორივე ინსტანციის სასამართლომ საქმის ორ ეპიზოდში გვარამია დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ სააპელაციო სასამართლომ სასჯელი გაამკაცრა ერთ-ერთ ეპიზოდზე – 50 ათას ლარიანი ჯარიმა 3,5 წლით თავისუფლების აღკვეთით შეიცვალა. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ მეორე ეპიზოდისთვისაც სასჯელი 3,5 წლიანი პატიმრობაა, საქართველოს კანონმდებლობით, საბოლოო სასჯელი უცვლელი დარჩა.
ბრალდების მხარე ამტკიცებდა, რომ ნიკა გვარამია ბრალდებულია სსკ-ის ოთხი მუხლით: „წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა“, „კომერციული მოსყიდვა“, „ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება“, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია“.
პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალების თხოვნით მიმართეს>>>
„მთავარი არხის“ ჟურნალისტები და ოპოზიციონერები დარწმუნებული არიან, რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებაა.
მმართველ პარტიაში არაერთხელ განაცხადეს, რომ გვარამიამ თანხების „გადაქაჩვა“ ტელეკომპანიიდან მაშინ დაიწყო, როცა მისი დაბრუნება ყოფილმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა გადაწყვიტა. ხალვაშის თქმით, გვარამიას მთავარი მიზანი „რუსთავი 2“-ის გაკოტრება იყო, რათა კომპანიის დაბრუნებას კანონიერი მფლობელისთვის აზრი დაეკარგა.

საქმის მასალები

საქმის მასალების თანახმად, ნიკა გვარამია, როდესაც „რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორი იყო (2019 წლის ივლისამდე), მოქმედებდა ტელეკომპანიის ინტერესების საზიანოდ, რათა კომპანია „ინტერ მედია პლუსს“, რომელიც მის მეგობრებს ეკუთვნის, მრავალმილიონიანი მოგება მიეღო. სწორედ ამ კომპანიასთან გაფორმდა 2015 წლის იანვარში შეთანხმება, რომლითაც მას ტელეარხის ეთერში რეკლამის განთავსების უფლება მიენიჭა.
2015 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით გვარამია „ინტერ მედია პლუსისგან“ ითხოვდა სარეკლამო დროის გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავლის 90-95%-ს, ხოლო მას შემდეგ, რაც 5 აგვისტოს არხის ყოფილმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა გამოთქვა პრეტენზია არხის დაბრუნებაზე, „ინტერ მედია პლუსისგან“ დაიწყეს მხოლოდ მინიმალური თანხის მოთხოვნა, რაც „რუსთავი 2“-ის არსებობისთვის იყო აუცილებელი.
კობახიძე გვარამიას დაკავებაზე გამოხმაურებებს მართლმსაჯულების პოლიტიზების მცდელობად აფასებს >>
შედეგად – 2015 წელს „რუსთავი 2“-ის ანალოგიური მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი აღმოჩნდა 6.763.509 ლარით ნაკლები, ვიდრე ერთი წლით ადრე.
საქმის მეორე ეპიზოდში საუბარია ძვირადღირებული ავტომობილის შეძენაზე. პროკურატურის განცხადებით, 2019 წლის თებერვალში გვარამიამ „პორშეს“ ცენტრში თავისთვის და თავისი ოჯახისთვის აირჩია 76,7 ათას ევროდ ღირებული Porsche Macan S – „რუსთავი 2“-ის ეთერში სარეკლამო რგოლების განთავსების სანაცვლოდ.
ეს ოპერაცია გვარამიას ნდობით აღჭურვილი პირის მეშვეობით ჩატარდა, ტელეკომპანიის კანონიერი ინტერესების საზიანოდ.
ამ ბარტერის გარდა, გვარამია „პორშეს“ ცენტრის ხელმძღვანელობას დაჰპირდა, რომ მომავალშიც განათავსებდა სარეკლამო რგოლებს დაბალ ფასად სარეკლამო სააგენტო „პრო ექსპო მედიას“ მეშვეობით.