თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. სომხეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომისიამ დაამტკიცა შეთანხმების პროექტი „სომხეთსა და საქართველოს შორის ორი სახელმწიფოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლის შესახებ", რომლის თანახმადაც, ორივე ქვეყნის მოქალაქეები სახელმწიფოთშორისი საზღვრის გადაკვეთას ID-ბარათებით შეძლებენ, იუწყება „Sputnik სომხეთი".
სომხეთსა და საქართველოს შორის შეთანხმებას 2023 წლის 12 იანვარს მოეწერა ხელი. საქართველომ სომხეთთან ორივე ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრის გადაკვეთის გამარტივების პროცედურები დოკუმენტის ხელმოწერიდან 15 დღეში დაასრულა.
აპრილის ბოლოს კი სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ შეთანხმება შიდასახელმწიფოებრივ პროცედურებს გადის. მას შემდეგ, რაც შეთანხმება ძალაში შევა, მისი დებულებები საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება.
სომხეთის მოქალაქეები სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას ID-ბარათებით შეძლებენ და მათ საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა 90 დღის განმავლობაში შეუძლიათ.
ამჟამად საზღვრის გადაკვეთა შესაძლებელია უვიზოდ, საზღვარგარეთული პასპორტით. საქართველოს მოქალაქეებს სომხეთში ყოფნა შეუძლიათ წელიწადში 180 დღის განმავლობაში. ვადის გასაგრძელებლად პირმა სამიგრაციო სამსახურს უნდა მიმართოს. სომხეთის მოქალაქეებს კი საქართველოში ყოფნა შეუძლიათ 365 დღემდე ვადით.