თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიუღებლად მიიჩნევს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შესაძლო განზრახვას – ტელეკომპანია „მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას შეწყალებაზე პასუხისმგებლობა კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს დააკისროს.
მანამდე არასამთავრობო ორგანიზაციის „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელმა ნანა კაკაბაძემ არ გამორიცხა, რომ პრეზიდენტს გვარამიას შეწყალების მიზნით საქართველოს პატრიარქ ილია მეორესთან შეხვედრა სურს. კაკაბაძის თქმით, ამით პრეზიდენტს სურს გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობა პატრიარქს დააკისროს.
„ეს თუ ასეა, ძალიან მძიმე გათვლასთან უნდა გვქონდეს საქმე. იმედია, სალომე ზურაბიშვილი ასე არ უყურებს ყველაფერს. რა თქმა უნდა, რაიმე გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობის პატრიარქზე გადანაწილება პრინციპულად მიუღებელია. იმედია, ზურაბიშვილს ასეთი განზრახვა არ აქვს", – განაცხადა კობახიძემ.
15 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არ აპირებს დაემორჩილოს გარეშე ზეწოლას არც სააკაშვილის საკითხზე და არც ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხზე, რომელიც მსჯავრდებულია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის თანხების გაფლანგვის ბრალდებით, რომლის გენერალური დირექტორიც იყო.
მოძრაობის „თავისუფლება ნიკა გვარამიას“ წარმომადგენლებმა 5 ივნისს პრეზიდენტ ზურაბიშვილს „მთავარი არხის“ დამფუძნებლის შეწყალების თხოვნით მიმართეს.
2022 წლის ნოემბერში თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. საუბარია ტელეკომპანია „რუსთავი 2"-სთვის 6,8 მილიონი ლარის ოდენობის ზიანის მიყენების საქმეზე.
მმართველ პარტიაში არაერთხელ განაცხადეს, რომ გვარამიამ თანხების „გადაქაჩვა“ ტელეკომპანიიდან მაშინ დაიწყო, როცა მისი დაბრუნება ყოფილმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა გადაწყვიტა. ხალვაშის თქმით, გვარამიას მთავარი მიზანი „რუსთავი 2“-ის გაკოტრება იყო, რათა კომპანიის დაბრუნებას კანონიერი მფლობელისთვის აზრი დაეკარგა.