„ქართული ოცნება“ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს მხარს არ დაუჭერს

კობახიძის თქმით, ერთ-ერთი დასახელებული კანდიდატი პირდაპირ კავშირშია ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“.
Sputnik
თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების კანდიდატებს მხარს არ დაუჭერს, რადგანაც ისინი პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს წინასწარი კონსულტაციების გარეშე წარუდგინა, განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
16 ივნისს პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების პოსტზე ორი კანდიდატი წარუდგინა – ლექტორი და ეროვნული ბანკის ჟურნალ „ეკონომიკა და საბანკო საქმის“ რედაქტორი გიორგი ბაქრაძე და ეკონომიკისა და ბიზნესის ინსტიტუტის დირექტორი, „ზირაათ ბანკის“ საბჭოს წევრი დიმიტრი ჯაფარიძე. კანდიდატებს შორის საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი არ აღმოჩნდა.

„ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია უკვე ჩამოყალიბებულია, გვქონდა კონსულტაციები საპარლამენტო უმრავლესობის შიგნით. როგორც მოგეხსენებათ, აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილებას უმრავლესობა იღებს. ჩვენ მხარს არ დავუჭერთ შესაბამის კანდიდატურებს, რომლებიც კონსულტაციების გარეშე იქნა წარმოდგენილი", – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, ერთ-ერთი დასახელებული კანდიდატი პირდაპირ კავშირშია ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მეგობრობს მის ლიდერებთან.
„გვარების დასახელება არ არის საჭირო, გამომდინარე იქიდან, რომ არცერთ მათგანს არ დავუჭერთ მხარს. შესაბამისად, კონსულტაციების გარეშე წარმოდგენილ კანდიდატებს, რა თქმა უნდა, არ დავუჭერთ მხარს", – განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ უფრო გაამწვავებს თუ არა მმართველ პარტიასა და პრეზიდენტს შორის ურთიერთობას, კობახიძემ უპასუხა, რომ მმართველი პარტია კონსტიტუციის შესაბამისად მოქმედებს.
„პრეზიდენტმა ამას ანგარიში უნდა გაუწიოს“, – განაცხადა პოლიტიკოსმა.
გასულ კვირაში პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის ვეტო და „ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში ცვლილებები მიიღო, რომელიც ეროვნული ბანკის საბჭოში სტრუქტურულ ცვლილებებს ითვალისწინებს. საკანონმდებლო ორგანომ ვეტოს დაძლევა გადაწყვიტა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა პარლამენტს კანდიდატები არ წარუდგინა.
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, პრეზიდენტმა შეთანხმება დაარღვია და უარი თქვა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატად ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის წარდგენაზე. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საბჭოში კანდიდატებს მხოლოდ 2023 წლის დეკემბერში წარადგენს.
საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატები წარუდგინა>>>
საკამათო ცვლილებები ითვალისწინებს ეროვნული ბანკის საბჭოში აღმასრულებელ პირთა რაოდენობის დროებით გაზრდას 4-დან 5 ადამიანამდე (პრეზიდენტი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი და სამი ვიცე-პრეზიდენტი) მხოლოდ 2023 წლის დეკემბრამდე, ანუ ერთ-ერთი მოქმედი ვიცე-პრეზიდენტის უფლებამოსილების ამოწურვის ვადამდე.
დროებითი ცვლილების მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ ეროვნული ბანკის საბჭოში კვლავ ოთხი აღმასრულებელი იქნება. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ეს არის ერთი პრეზიდენტი და სამი ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო პარლამენტის მიერ მიღებულ ცვლილებებში, რომლებზეც ზურაბიშვილმა ვეტო დაადო, საუბარია პრეზიდენტზე, პირველ ვიცე-პრეზიდენტზე და ორ ვიცე-პრეზიდენტზე.
ეროვნული ბანკის ბოლო პრეზიდენტის კობა გვენეტაძის უფლებამოსილება 2023 წლის მარტში ამოიწურა. იმ დროიდან საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელია მარეგულირებლის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, რომელიც იქ პირველად ჯერ კიდევ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნისას მოხვდა.
სკანდალური ცვლილებები ეროვნული ბანკის შესახებ - პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია>>>
ვინაიდან საქართველოს ეროვნულ ბანკს არ ჰყავს პრეზიდენტი და საბჭოს ერთი წევრი, ცვლილებების მიღების შემდეგ შვიდკაციან საბჭოს ეყოლება პირველი ვიცე-პრეზიდენტი, სამი ვიცე-პრეზიდენტი და სამი დამოუკიდებელი წევრი.
ეროვნული ბანკის საბჭო არის ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია რეზერვების მართვაზე. საბჭო განსაზღვრავს ეროვნული ბანკის ხარჯებს და პასუხისმგებელია უცხოური ვალუტების მიმართ ეროვნული ვალუტის კურსის ფორმირების წესზე.