თბილისი, 16 ივნისი – Sputnik. ევროპარლამენტის დეპუტატ რასა იუკნევიჩიენეს განცხადება მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ არჩევანის შესახებ მის დამფუძნებელს, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილსა და ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას შორის – უტიფრობაა, განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.
იუკნევიჩიენეს თქმით, თუ „ქართული ოცნება“ ივანიშვილს აირჩევს და არა ევროკავშირის წევრობას, ეს ნიშნავს, რომ „მათთვის ის ჯობია, ვიდრე ევროპული პერსპექტივა“. იუკნევიჩიენე „ევროპის სახალხო პარტიის“ ვიცე-თავმჯდომარეა. ამ პარტიის წევრია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. ოპოზიცია აცხადებს, რომ ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ქვეყანას კულისებიდან მართავს.
„ასეთი უტიფარი განცხადება ამ დონიდან არ მომისმენია. გასაგებია, რომ შენი მოკავშირეა პოლიტიკური პარტია „ნაცმოძრაობა“ და დიდი ხანია ხდება ეს, მაგრამ ხომ ყველამ იცის, რომ შენი მოკავშირეა პარტია, რომელმაც გესტაპოს მეთოდებით მართა ეს სახელმწიფო“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ბიძინა ივანიშვილი ის ადამიანია, რომელმაც საქართველო 2012 წლიდან ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით წაიყვანა და მთავრობის მხრიდან ყველა ანტიევროპული ნიშნები აღმოფხვრა, განსაკუთრებით, ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში, განაცხადა ვოლსკიმ.
ამასთან, პოლიტიკოსის თქმით, იუკნევიჩიენესთვის ცნობილია ივანიშვილის დამსახურება, მაგრამ ის მაინც ამ პოზიციაზე დგას, რადგან ყველა სხვა არგუმენტი ხელიდან გამოეცალათ.
„უნდა ებრძოლონ ადამიანს, რომელსაც დღევანდელ პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ გააჩნია და ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული ქვეყნისთვის. არგუმენტი არ გააჩნიათ პოლიტიკიდან გასული ბიძინა ივანიშვილის მიმართ“, – აღნიშნა დეპუტატმა.
მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილი ბევრს აკეთებს საქართველოსთვის, ევროსტრუქტურების წარმომადგენლები ცდილობენ შექმნან შთაბეჭდილება, რომ ის მართავს ქვეყანას.
„ვინაიდან ბიძინა ივანიშვილის სახელი, არის თუ არა პოლიტიკაში, ასოცირდება „ქართულ ოცნებასთან“, მასზე შეტევა არის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება. გარდა ამისა, აღქმა უნდა შეიქმნას, რომ ბიძინა ივანიშვილი მართავს და ის არის კარგი სამიზნე იმისთვის, რათა მთელი ეს ისტერიული, უტიფარი აგრესია მისკენ იყოს მიმართული“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ოპოზიციონერები ამტკიცებენ, რომ ქვეყანას სწორედ ივანიშვილი მართავს, ხოლო ხელისუფლების სათავეში მისი მარიონეტები არიან. მათი თქმით, ივანიშვილის ხელით მმართველი პარტია ქვეყნის დასავლურ კურსს რუსეთის მიმართულებით ცვლის, რის გამოც მის წინააღმდეგ სანქციები უნდა დაწესდეს. თავის მხრივ, ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყნის ექს-პრემიერი, რომელმაც პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ჯერ კიდევ 2021 წლის იანვარში განაცხადა, ქვეყნის მართვაში არანაირად არ ერევა.