თბილისი, 16 ივნისი – Sputnik. იწყება მზადება ბაკურიანში ახალგაზრდული ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის ჩასატარებლად, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 100 მილიონი ლარი გამოიყოფა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
კურორტ ბაკურიანს 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლის სტატუსი ოფიციალურად 2020 წლის ნოემბერში მიენიჭა.
მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერის ხელმძღვანელობით ოლიმპიური ფესტივალის მომზადების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
ღარიბაშვილის განცხადებით, ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის უზრუნველსაყოფად თბილისსა და ბაკურიანში მოეწყობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა, კერძოდ, ბიატლონის და თხილამურებით რბოლის მოედანი, ასევე თბილისში აშენდება ყინულის სასახლე და სხვა ინფრასტრუქტურა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, უკვე წელს 25 მლნ ლარი გამოიყოფა.
ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის საქართველოში მთელი მსოფლიოდან 1700-მდე სპორტსმენი, მწვრთნელი, მსაჯი და სამედიცინო პერსონალი მოიყრის თავს.
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ევროპის ოლიმპიური კომიტეტების ასოციაციამ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ეგიდით შექმნა. ესაა რეგიონული საერთაშორისო კომპლექსური სპორტული შეჯიბრებები ახალგაზრდა სპორტსმენებს შორის EOC-ს ასოციაციის 50 ქვეყნიდან. როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის ფესტივალი ორ წელიწადში ერთხელ ტარდება.