თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა პარლამენტის დეპუტატებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, თუ ვინ და როგორ იმუშავა ბოლო წლის განმავლობაში კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკავშირის პირობების შესრულებაზე, ასევე ქვეყნის წარმატებასა და ევროინტეგრაციის გზაზე მის მხარდაჭერაზე.
საგარეო უწყების პირველი პირი კანონმდებლების წინაშე „მინისტრის საათის" ფორმატში წარდგა. დარჩიაშვილმა დეპუტატებს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
მისი თქმით, ამ თანამშრომლობამ შესაძლებელი გახადა, რომ „რთული საერთაშორისო ვითარების პირობებში წარმატებით დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები და შეძლებისდაგვარად ავიცილოთ გარე საფრთხეები“.
პირველი თემა, რომელსაც დარჩიაშვილი თავის მოხსენებაში შეეხო, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია იყო. მისი თქმით, დღეისათვის ეს არის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი საქართველოს საგარეო პოლიტიკაში და ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველო თანმიმდევრულად მიდის მიზნისკენ – დგამს ნაბიჯებს „ევროკავშირის კანონმდებლობასთან მაქსიმალური ჰარმონიზაციისა და ინსტიტუციური დაახლოების უმაღლესი დონის მისაღწევად“.
მას შემდეგ, რაც საქართველოს 12-პუნქტიანი გეგმა წარუდგინეს, დაუყოვნებლივ დაიწყო მუშაობა მათ განხორციელებაზე, პროცესში ჩაერთვნენ შესაბამისი დარგების ექსპერტები და სამოქალაქო საზოგადოება.
პარლამენტის ინიციატივითა და მისი კოორდინაციით, სამთავრობო უწყებებისა და არასამთავრობო სექტორის მონაწილეობით პრიორიტეტებზე მუშაობა წარიმართა ინკლუზიურობისა და გამჭვირვალობის პრინციპების სრული დაცვით.
პარლამენტის პარალელურად მუშაობა მიმდინარეობდა მთავრობაშიც. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივითა და კოორდინაციით 2022 წელს ასევე შეიქმნა უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფი ექსპერტების, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის, დარგობრივი სამინისტროებისა და მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლების მონაწილეობით.
აღნიშნული უწყებათაშორისი ჯგუფის წევრები რეგულარულად მართავენ სამუშაო შეხვედრებს ევროპულ ინსტიტუტებში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყნებში – საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებში. მინისტრის თქმით, იყო ძალიან საინტერესო და საფუძვლიანი დისკუსიები პარტნიორებთან იმ სამუშაოს შესახებ, რომელსაც საქართველო ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ახორციელებს.
დარჩიაშვილის თქმით, ყოველივე ეს იმის დემონსტრირებაა, თუ რამდენად ერთგულია საქართველოს ხელისუფლება დასახული მიზნებისადმი.
ამ ეტაპზე, როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველო 12 პრიორიტეტის განხორციელების დასკვნით ფაზაშია.
„ველით, რომ ევროკომისია სამართლიანობისა და დამსახურების პრინციპების საფუძველზე შეაფასებს საქართველოს პროგრესს 12 პრიორიტეტის შესრულების კუთხით და შემოდგომაზე გაფართოების პაკეტის გარგლებში გასცემს რეკომენდაციას ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, რაც, შესაბამისად, გახდება ევროკავშირის, ევროპული საბჭოს ლიდერების მიერ წლის ბოლოს გადაწყვეტილების მიღების საფუძველი“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.
მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსს ჯერ კიდევ გასულ წელს იმსახურებდა, რადგანაც მაშინ უკვე აკმაყოფილებდა საჭირო პირობებს.
დარჩიაშვილის თქმით, საქართველოსთვის სტატუსის მინიჭება „მორიგი ისტორიული გადაწყვეტილება იქნება, რომელიც ფორმალურად გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის პოზიციონირებას ევროკავშირის წევრობის გზაზე, ხელს შეუწყობს ქვეყნის შიგნით დეპოლარიზაციას და იქნება მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორი მშვიდობის განმტკიცებისა და სტაბილურობის თვალსაზრისით".
საქართველო ბოლო ათწლეულის განმავლობაში იყო და დღესაც ინარჩუნებს წამყვანი რეფორმატორის სტატუსს „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნებს შორის, დასძინა მინისტრმა.
„ამას ადასტურებს მიმდინარე წლის 2 თებერვალს გამოქვეყნებული ე.წ. ანალიტიკური ანგარიში, რომლის მიხედვითაც საქართველო სხვა ქვეყნებს ბევრი პარამეტრით უსწრებს“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.
2023 წლის აპრილში საქართველო იყო პირველი ქვეყანა სხვა პრეტენდენტებს შორის, რომელმაც მოკლე დროში და მაღალ დონეზე მოამზადა და წარუდგინა ევროკომისიას ანგარიში ევროკავშირთან საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოების მიზნით გატარებული ღონისძიებების შესახებ. მითითებული ანგარიშის საფუძველზე ევროკომისია შეაფასებს საქართველოს კოპენჰაგენის კრიტერიუმების თანახმად, რომელიც მოიცავს როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ და სექტორულ ნაწილებს.
შეთანხმება ასოცირების შესახებ და ეკონომიკური წარმატებები
საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო წარმატებით აგრძელებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პირობების შესრულებას, რომელსაც ხელი მოეწერა 2014 წლის ზაფხულში. ამ ეტაპზე ვალდებულებების დაახლოებით 50% შესრულებულია. გარდა ამისა, შესრულებულია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების 60%-ზე მეტი.
გარდა DCFTA-ს პირობების წარმატებით შესრულებისა, დარჩიაშვილის თქმით, აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს ეკონომიკის ზრდა და აღორძინება, რაც უპრეცედენტო მოვლენაა.
„ევროკავშირში გაწევრიანების ე.წ. კოპენჰაგენის კრიტერიუმების ეკონომიკური ნაწილის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა სწორედ ეროვნული ეკონომიკის სტაბილურობა და კონკურენტუნარიანობაა“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.
მისი თქმით, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ქვეყნის ეკონომიკის ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ინტეგრაციისთვის.
„ძალიან მოხარულები ვართ, რომ ჩვენ შევძელით საქართველოს ეკონომიკის ორნიშნა ზრდის შენარჩუნება გასული წლის განმავლობაში“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.
2022 წელს მშპ-ის რეალურმა ზრდამ 2021 წელთან შედარებით 10,1% შეადგინა. არსებული ფასების პირობებში ეს 71,8 მლრდ ლარია, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატი“ მასალებში.