თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. მარნეულში არასრულწლოვნის ქორწინების იძულების ბრალდებით 15 წლის გოგონას მამა და საქმრო დააკავეს, იუწყება ტელეარხი „რუსთავი2“.
გოგონას არ სურდა ზრდასრულ მამაკაცზე გათხოვება, რის გამოც არაერთხელ გახდა მამის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი. მამა ქალიშვილს ხშირად ფიზიკურად უსწორდებოდა და მის მიერ შერჩეულ საქმროზე გათხოვებას აიძულებდა.
გავრცელებული ინფორმაციით, 15 წლის გოგონას იძულებითი ნიშნობა მოზარდის მამიდამ მოაწყო. იძულებითი ნიშნობის შემდეგ საქმრომ მოზარდს სკოლაში სიარული აუკრძალა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
შსს-მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. არ არის გამორიცხული, რომ პასუხისგება გოგონას მამიდასაც დაეკისროს.
მსგავსი ფაქტი მარნეულში 8 ივნისსაც მოხდა.