ღარიბაშვილი: საქართველოს არჩეული გზიდან არასოდეს გადაუხვევია

საქართველოს ხელისუფლება უზრუნველყოფს, რომ ქვეყნის დემოკრატიულ, ევროპულ და აყვავებულ მომავალს წინ არაფერი დაუდგეს, განაცხადა პრემიერმა
Sputnik
თბილისი, 14 ივნისი – Sputnik. საქართველოს არასოდეს გადაუხვევია არჩეული გზიდან და ის შეასრულებს ევროკომისიის ყველა რეკომენდაციას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე განაცხადა.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
„სრული პასუხისმგებლობით მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენი ვალდებულება, განვახორციელოთ ევროკომისიის ყველა პრიორიტეტული რეკომენდაცია და მოვიპოვოთ კანდიდატის სტატუსი. ჩვენ არასოდეს გადაგვიხვევია არჩეული გზიდან და ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ საქართველოს დემოკრატიულ, ევროპულ და აყვავებულ მომავალს წინ არაფერი დაუდგეს", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საზეიმო მიღებამდე პრემიერი შეხვდა ევროკომისარს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეის და საქართველოს მიერ ევროკომისიის პირობების შესრულება განიხილა.
შეხვედრის შემდეგ ვარჰეიმ განაცხადა, რომ მოუწოდა პრემიერ-მინისტრს 12 პირობის იმპლემენტაციის დაჩქარებისკენ, რათა საქართველომ კანდიდატის სტატუსის მიღება შეძლოს.
შარლ მიშელმა ბრიუსელში ირაკლი ღარიბაშვილს უმასპინძლა - რაზე ისაუბრეს მხარეებმა >>
მანამდე მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო ივნისის ბოლომდე დაასრულებს რეკომენდაციებზე მუშაობას და ყველა საჭირო კანონს მიიღებს.
იმავდროულად, საქართველოს ხელისუფლება აღნიშნავს, რომ შეუსრულებელი რჩება პირველი პირობა - პოლარიზაციის შემცირება, და ამაში ოპოზიციას ადანაშაულებს.
საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს. სტატუსის მინიჭებას მხარი ერთხმად უნდა დაუჭიროს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერმა.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უფრო ადრე განაცხადა, საქართველომ ამ საკითხზე უკვე მოიპოვა ევროკავშირის ზოგიერთი ლიდერის მხარდაჭერა.