თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ არასწორი მიდგომა აირჩია ოლიგარქიულ გავლენებთან ბრძოლაში, რაც ევროკავშირის ერთ-ერთი პირობაა კანდიდატის სტატუსის მისაღებად, განცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან.
გუშინ საქართველოს პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო. განსახილველად წარდგენილი იყო კანონპროექტის ის ვარიანტი, რომელიც ჯერ კიდევ აპრილში გადამუშავდა და შეიცვალა ვენეციის კომისიის შუალედური რეკომენდაციების საფუძველზე. პარლამენტში კენჭისყრა შედგა მიუხედავად იმისა, რომ ვენეციის კომისიამ რეკომენდაცია გასცა – არ მიეღოთ თუნდაც გადამუშავებული ვერსია. ოლიგარქიული გავლენის წინააღმდეგ ბრძოლაში სისტემური და არა პერსონალური მიდგომა უნდა იყოს დაცული, ნათქვამია კომისიის ანგარიშში.
„ჩვენ, როგორც ევროკომისია, მხარს ვუჭერთ ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაციას. ვენეციის კომისია არის სტანდარტის დამდგენი, როდესაც საქმე ეხება ამგვარ კანონმდებლობას. ასე რომ, ჩვენ მოვუწოდებთ სისტემური მიდგომისკენ სპეციალური კანონის მიღების ნაცვლად", – განაცხადა ჰერჩინსკიმ.
ევროკავშირს საქართველოსთვის არ უთქვამს ზუსტად როგორ უნდა შეასრულოს ეს პირობა, არამედ მიუთითა მხოლოდ პრობლემურ საკითხზე, აღნიშნა დიპლომატმა.
„დეოლიგარქიზაცია არის 12 პრიორიტეტს შორის ერთ-ერთი. ეს არის პრიორიტეტი ნომერი ხუთი. ჩვენ ვთქვით, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტი და ჩვენ ველოდებით, რომ საქართველოს მთავრობა წინ წაიწევს დეოლიგარქიზაციის საკითხში. ჩვენ არასდროს გვითქვამს, რა არის სწორი მიდგომა. ჩვენ ვთქვით, რა არის გასაკეთებელი და არა ის, როგორ უნდა გაკეთდეს", – აღნიშნა ელჩმა.
მისი თქმით, კანონპროექტის გადამუშავება საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება იყო და ახლა ცნობილი გახდა, რომ ვენეციის კომისიის შეფასებით, ეს არასწორი მიდგომაა.
როგორც ელჩმა აღნიშნა, ვენეციის კომისიის მიერ რეკომენდებული სისტემური მიდგომა მოიცავს რამდენიმე პარამეტრს.
„ეს ნიშნავს სასამართლოს სისტემის რეფორმას, ეს ნიშნავს მეტ ძალისხმევას კორუფციასთან ბრძოლაში, ეს ნიშნავს მეტ გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას. ეს ყველაფერი კი ნიშნავს ძლიერ სახელმწიფოს, რომლის მისაღწევად მუშაობისთვის ჩვენ მოწადინებული ვართ კოლეგებთან ერთად“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ
მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ მზად არის არ აამოქმედოს კანონი იმ შემთხვევაში, თუ ევროკომისია უარს იტყვის სტატუსის მისაღებად დეოლიგარქიზაციის მოთხოვნაზე, განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
„თუ ევროკომისია გაიზიარებს ვენეციის კომისიის მიდგომას იმასთან დაკავშირებით, რომ პერსონალიზებული კანონი არ არის საჭირო და თუ ამოიღებს ჩანაწერს დეოლიგარქიზაციის თაობაზე 12 პუნქტიდან, ამ შემთხვევაში ჩვენ ამ კანონს აღარ ავამოქმედებთ. ვენეციის კომისია ერთს ამბობს, ევროკომისია კი მეორეს“, – განაცხადა კობახიძემ.
თუ ევროკომისია დაეთანხმება ვენეციის კომისიას, ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლება ამ კანონს აღარ აამოქმედებს და თებერვალში გაუქმდება მიღებული კანონი, აღნიშნა მან.
კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" მას შემდეგ გადამუშავდა, რაც ვენეციის კომისიამ პირვანდელი ვერსიის შესწავლის შემდეგ საკუთარ შენიშვნებში მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევის რისკების თაობაზე – პოლიტიკური ნიშნით პირთა დევნის დაწყებაზე. 2023 წლის აპრილის შუა რიცხვებში დოკუმენტი კვლავ გაეგზავნა ევროპის საბჭოს საკონსტიტუციო სამართლის საკონსულტაციო ორგანოს.
ვენეციის კომისიის ანგარიშში ნათქვამია, რომ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ გადამუშავებული კანონპროექტი, როგორც ჩანს, აკმაყოფილებს 2023 წლის მარტის წინასწარი დასკვნის რეკომენდაციების უმეტესობას, თუმცა კანონპროექტის გასაუმჯობესებლად გადადგმულმა ნაბიჯებმა არანაირად არ აღმოფხვრა მთავარი ნაკლი – პერსონალიზებული მიდგომა.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ კანონპროექტი მთავრობას კვლავ ჭარბ გავლენას ანიჭებს და ანგარიშსწორების შესაძლებლობას აძლევს „ბუნდოვანი კრიტერიუმებით“. ასევე „პერსონალური მიდგომის“ გათვალისწინებით კანონპროექტის ამ სახით დამტკიცებამ შესაძლოა გამოიწვიოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული ფუნდამენტური უფლებების დარღვევა „დასახული მიზნების შესრულების ნაცვლად“.
ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა – არ იქნას მიღებული დამუშავებული ვარიანტი. ამასთან საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციას აძლევს ოლიგარქიული გავლენის წინააღმდეგ საბრძოლველად ღრმა და ყოვლისმომცველი ანალიზი ჩაატაროს არსებული სისტემური ღონისძიებების, მათი ხარვეზების სტრუქტურის, უფლებამოსილების და კოორდინაციის თვალსაზრისით.
აგრეთვე შეიმუშავოს მაკორექტირებელი, დამატებითი ან ურთიერთშემავსებელი კანონმდებლობა ან ზომები, რომლებიც, მათ შორის, მოიცავს ეფექტური კონკურენციის პოლიტიკის შემუშავებას და განხორციელებას, მაღალი დონის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას, სახელმწიფო შესყიდვებში გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების შენარჩუნებას, მედიის პლურალიზმისა და მედიის მფლობელობის გამჭვირვალობის განმტკიცებას და ა.შ.
კანონპროექტი დეტალებში
კანონის პროექტის თანახმად, ოლიგარქი არის ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს სამ კრიტერიუმს:
მონაწილეობა პოლიტიკურ ცხოვრებაში;
გავლენა მასმედიაზე;
პირადი აქტივების ან კომპანიის აქტივების ოდენობა საქართველოში დადგენილ საარსებო მინიმუმს მილიონჯერ აღემატება.
ოლიგარქად მოქალაქეს აღიარებს ანტიკორუფციული ბიურო. ამასთან ბიურომ უნდა ჩაატაროს სრული კვლევა, არის თუ არა ადამიანი ოლიგარქი.
ოლიგარქად აღიარების გასაჩივრება შესაძლებელი იქნება სასამართლოს მეშვეობით, ამასთან ორი ინსტანციის სასამართლოში.
გადამუშავებული ვერსიის თანახმად, ოლიგარქი შეძლებს პარტიების, წინასაარჩევნო კამპანიებისა და საპროტესტო აქციების დაფინანსებას. ოლიგარქებისთვის ერთადერთი აკრძალვა იქნება პრივატიზაციის მასშტაბურ პროექტებში მონაწილეობა.
ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ოლიგარქად აღიარებულ პირს ოლიგარქების სპეციალურ რეესტრში შეიყვანენ. ეს გახდება მისთვის ობიექტების პრივატიზების პროცესში მონაწილეობის შეზღუდვის დაწესების საფუძველი.
ოლიგარქთან კომუნიკაციის შემთხვევაში საჯარო მოსამსახურეებმა, თანამდებობის პირებმა კონტაქტების დეკლარაციები უნდა წარადგინონ ანტიკორუფციულ ბიუროში. კონტაქტში იგულისხმება ოლიგარქთან უშუალოდ საუბარი, შეხვედრა, ტელეფონით ან სხვა საშუალებით კონტაქტი. დეკლარაციის ვალდებულება არ ექნება მას, ვისაც ოლიგარქთან კონტაქტი ექნება საჯარო ღონისძიებაზე, ან არანაკლებ 50 ადამიანის თავშეყრისას.