რამდენი ავტომობილის კატალიზატორი გაიტანეს ბოლო წლებში საქართველოდან

ქვეყნიდან კატალიზატორების გატანის ტემპები უზარმაზარია, აღნიშნა ექსპერტმა.
Sputnik
თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. ავტომობილების კატალიზატორების ექსპორტმა საქართველოდან 2015 წლიდან დღემდე 700 ათასი ერთეული შეადგინა, რაც კატასტროფული მაჩვენებელია, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ნოე მეგრელიშვილმა.
საქართველოს ხელისუფლება აპირებს აკრძალოს ავტომობილების კატალიზატორების ექსპორტი, რომლებიც ამცირებენ ჰაერში მავნე გამონაბოლქვს. მთავრობის ინიციატივაზე 12 ივნისს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ამან ჰაერის ხარისხი უნდა გააუმჯობესოს.

„სამწუხაროდ, ძალიან მასშტაბურია ეს პრობლემა. 2015 წლიდან დღემდე საქართველოდან დაახლოებით 700.000 კატალიზატორი გაიტანეს. 700.000 უკატალიზატორო ავტომობილი – ძალიან მძიმე სურათია", – განაცხადა მეგრელიშვილმა.

ავტომობილის კატალიზატორი სპეციალური ფილტრია, რომელიც გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების კონცენტრაციას ამცირებს.
როგორც მეგრელიშვილმა აღნიშნა, კატალიზატორების ექსპორტთან ბრძოლის მიზნით 2020 წლის აპრილიდან დარეგისტრირებული ავტომობილებისთვის კატალიზატორის არსებობა სავალდებულოა. ქვეყანაში კი სულ დაახლოებით მილიონ-ნახევარი რეგისტრირებული ავტომობილია.
საქართველო 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტს შეზღუდავს>>
„ტექინსპექტირებისას ეს მოწმდება. ეს რომ არ იყოს ნათხოვარი კატალიზატორი, გზებზე ინსპექტირებაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება", – განაცხადა მეგრელიშვილმა.
გარდა ამისა, საქართველოს მთავრობა მომავალი წლიდან შეზღუდვებს დააწესებს ქვეყანაში იმ ავტომობილების იმპორტზე, რომლებიც ევრო-5-ის სტანდარტებს არ შეესაბამება. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების შემოყვანა აიკრძალება. ამ ინიციატივის რეალიზაცია არსებით წვლილს შეიტანს ატმოსფეროში მავნე ნივთიერებების გამოყოფის შემცირებაში.